მამუკა სულაბერიძე ავთანდილის ძე დაიბადა 1972 წლის 8 თებერვალს ქ. ხაშურში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/206
1978–1989 წლებში სწავლობდა ხაშურის მე–3 საშუალო სკოლაში.
1989–1990 წლებში სწავლობდა ავტოსკოლაში, მძღოლის კვალიფიკაციაზე.
1990 წელს მუშაობა დაიწყო ხაშურის რკინიგზის სავაგონო დეპოში დურგლად.
1992 წლის 19 მაისს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში საქართველოს შს შინაგან ჯარში.
აფხაზეთში შეარაღებული კონფლიქტრის დროს, 1992 წლის 27 ნოემბერს, ოჩამჩირის რ–ნის სოფელ ქეთევანასთან დაიკარგა უგზო–უკვლოდ.
დარჩა მშობლები, ავთანდილი და ნაილი და და–მანანა
1992 წლის 17 ნოემბერი იდგა. სამხედრო ნაწილი M2052, რომელშიც მამუკა ავთანდილის ძე სულაბერიძე ირიცხებოდა, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ქეთევანაში შევიდა. შეიქმნა 3-4 კაციანი ჯგუფები და მათი საშუალებით მოხდა სოფლის გარშემო პოზიციების გამაგრება მოსახლეობის დასაცავად.
28 ნოემბერი –- აფხაზური ფორმირებების მიერ განხორციელდა შეტევა კოჩორა -ქეთევანას მიმართულებით. გაიმართა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგის გამო ქართულმა სამხედრო ნაწილმა, რომლის ნომერი იყო 2052, უკან ორი მიმართულებით დაიხია, –-– ნაწილი მეომრებისა ჩაის პლანტაციებით გამოსვლას ცდილობდა, ნაწილი კი შეეცადა, ტყით გაეღწია სამშვიდობოს.
მტერმა მოახერხა მჭიდრო ალყის გაკეთება და თითქმის შეუძლებელი გახდა ბრძოლის ველიდან გამოსვლა. მებრძოლები თან უკან იხევდნენ და თანაც დაჭრილ მეგობრებს ეხმარებოდნენ. თვითმხილველთა თქმით, მამუკა სულაბერიძე მუცლის არეში დაჭრილა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გმირულად გაუგრძელებია მტერთან ბრძოლა. ის და მისი რამდენიმე თანამებრძოლი ტყით წამოსულან, ვინც პლანტაციით გამოვიდა, გადარჩა. მამუკა და ბევრი მისი თანამებრძოლი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მათ შესახებ არაფერია ცნობილი.
მას შემდეგ ათი წელი გავიდა –– ათი ტკივილიანი და ცრემლშეუშრობელი წელი, მამუკას და, მანანა სულაბერიძე, იხსენებს: „ერთხანს ჩამოსულიც იყო. ნოემბრის დასაწყისი იდგა, დიდხანს ეხვეწა დედა, უკან აღარ გაბრუნებულიყო. ცუდს უგრძნობდა გული. ჩემს ძმას არაფრის გაგონება არ უნდოდა: დედა, ყოველი ჯარისკაცის დედა რომ შენსავით ფიქრობდეს, ხომ დაიღუპებოდა საქართველოო“.
მამუკას უგზო-უკვლოდ დაკარგვის ამბავმა თავზარი დასცა სულაბერიძეების ოჯახს, თუმცა, ოდითგან ასეა –– ყველაზე დიდი უბედურების ჟამსაც კი ბჟუტავს იმედის პაწაწინა ნაპერწკალი და, სწორედ, ეს იმედი გაიყოლეს საგზლად მამუკას მამამ და ნათლიამ, როდესაც აფხაზეთს გაეშურნენ შვილისა და ნათლულის მოსაძებნად. ძებნამ შედეგი ვერ გამოიღო, მათ მხოლოდ ის გაიგეს, რომ იმ მებრძოლთა უმრავლესობა, რომლებიც ალყაში იმყოფებოდნენ სოფელ ქეთევანასთან, ტყვედ იყო აყვანილი. ტყვეებს შორის ბევრი დაჭრილიც ყოფილა. ეს ცნობა მათ სოფ. ქეთევანას ერთ-ერთმა მცხოვრებმა მიაწოდა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ აფხაზებთან ერთ-ერთი მოლაპარაკების შედეგად, აფხაზი ტყვეების სანაცვლოდ გადმოასვენეს რამდენიმე ქართველი მებრძოლის გვამი, რომელთაგანაც ერთ-ერთს ჯიბეში აღმოაჩნდა მამუკასა და მისი თანამებრძოლების სამხედრო ბილეთები. ეს ფაქტი დღემდე გაურკვეველია, თუმცა, სწორედ ამ ამბის შემდეგ აქვთ მამუკას მშობლებს იმედი, რომ მათი შვილი ცოცხალია და ტყვეობაში იმყოფება.
„დაიკარგა უღალატო ბიჭი -- სამშობლოსა და მეგობრების ერთგული. დაემალა მშობლებს და არა სამშობლოს! დაეკარგა მშობლებს და არა ქვეყანას (გმირები უკვალოდ არ ქრებიან)!
ფრთამოტეხილი დამტოვა ერთადერთი და, რომელსაც გულს უთბობს უკვალოდ დაკარგული გმირი ძმის გახსენება და მისი დაბრუნების იმედი აცოცხლებს“. ღმერთმა კეთილად აუსრულოს სულაბერიძეების ოჯახს ეს უსაშველო მოლოდინი და იმედი, რადგან იმედი ყველაზე ბოლოს კვდება, კვდება ამქვეყნად ცოცხლად დარჩენილთა სიკვდილის შემდეგ...
გაზეთი „მოლოდინი“ იანვარ-თებერვალი-მარტი, 2002 წელი
ჩემი საფიცარი მწუხარებით შემოაბიჯა ჩვენს ცხოვრებაში 2000 წლის 8 თებერვალმა, ჩემო მამუკა. 8 თებერვალს 28 წელი შეგისრულდა, ძმაო. ვაჟკაცურად მოიხადე ვალი შენი ერისა და ქვეყნის წინაშე, პირნათლად შეასრულე ჯარისკაცის ფიცი. 1992 წლის 19 მაისს გაგიწვიეს შინაგანი ჯარის ნაწილში. გვეგონა დაზლვეული იქნებოდი და არაფერი გაგიჭირდებოდა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდით, ძამიკო. დედის ინსტინქტი ხვდებოდა, რომ რაღაც საშიშროება გელოდა, მამუკა. მოუშუშებელი იარა დამიტოვე, ძამიკო. გული მტკივა, რომ ერთადერთ საფიცარს ვერ გაგიფრთხილდით. იქნებ, ღმერთმა არ გაგვწიროს და მომავალი წლის 8 თებერვალი შენთან ერთად ვიზეიმოთ.
ჩემო მამუკა, ღმერთის იმედად დარჩენილები, ყოველ დილას იმედით ვხვდებით, შენი დაბრუნების იმედით. მაღალო ღმერთო, ამიხდინე ეს ერთადერთი ნატვრა. დამიბრუნე ჩემი ერთადერთი ძმა -- მამუკა! 1992 წლის 13 ნოემბერს, შენი მოსვლით გახარებულებს, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მამუკა. როგორ გეხვეწებოდა დედა, აღარ წახვიდე, რაიმე საბაბით დარჩი, არ დამლუპო შვილოო. შენ არაფრის გაგონება არ გინდოდა, ძმაო. შენი ჩუმი, ნალვლიანი ლიმილი თვალწინ მიდგას ახლაც: „დედა, ყოველი ჯარისკაცის დედა რომ შენსავით ფიქრობდეს, ხომ დაიღუპება საქართველო, ხაშურიც გვერდზე დაგრჩება. ნაწილში უნდა დავბრუნდე, ბიჭები მელოდებიან, ვერ ვუღალატებ“.
მამუკა, უკვე 7 წელია შენი მონატრების ცრემლი არ შეშრობიათ შენს მშობლებს და ფრთამოტეხილი ჩიტივით დარჩენილ ერთადერთ დას. დაბადების დღეს გილოცავ, ძამიკო, ღმერთი გფარავდეს.
შენი დაიკო, მანანა
ემზარ ონიანი 1963-28/11/92წ. გარდ. სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ. სოფ. ლუჯი ლენტეხი
გია მიხეილის ძე ჩლაჩიძე 1974-92წწ გარდ. 18 წლის, კოჩარა/ქეთევანა, აფხაზეთი დაბ. თბილისი
მამუკა სულაბერიძე 1973-92წწ. გარდ. 19 წლის, სოფ. ქეთევანა, ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ხაშური
მალხაზ ლაცაბიძე 1972-92წწ. დაკ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა ოჩამჩირე დაბ. სოფ. დუისი ხარაგაული იმერეთი
დათო (დავით) რამიშვილი 1964-28/11/92წ. გარდ. ქეთევანა აფხაზეთში დაბ. სოფ. ღრმაღელე ლანჩხუთი გურია
მალხაზ გრიგალაშვილი 1972-28/10/92წწ. დაკარგ. 20 წლის, სოფ. ქეთევანა აფხაზეთი დაბ. სოფ. რველი ბორჯომი
შმაგი ბერიკაშვილი 1972-28/11/93წ. გარდ. 21 წლის, სოფ. ქეთევანა, აფხაზეთში დაბ. ბორჯომში
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური