კახა მიქელაძე დაიბადა 1972 წლის 29 ივნისს ქ. თბილისში. 1980 წელს შევიდა ქ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლაში. 1988 წელს გადავიდა 164-ე სკოლის ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების ჯგუფში, რომელიც. დაამთავრა 1989 წელს. იყო ნიჭიერი, გონიერი მოსწავლე. დაინტერესებული იყო სპორტით. განსაკუთრებით უყვარდა ფეხბურთი. ოცნებობდა მსახიობი გამხდარიყო, უკრავდა და მღეროდა. ცეკვავდა ანსამბლ „თბილისში“, წერდა ლექსებს,მაგრამ არ აჩენდა.
1991 წელს ეროვნულ გვარდიაში შევიდა მოხალისედ. მსახურობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის პოლკში. როდესაც სამაჩაბლოში საჭირო შეიქმნა საჯარისო ნაწილების შესვლა, თავის თანამებრძოლებთან ერთად კახაც სამაჩაბლოში წაიყვანეს. 1992 წლის 13 ივნისს მონაწილეობა მიიღო ბესიკ ქუთათელაძის მიერ განხორციელებულ ოპერაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა ქ. გორში იარაღის ჩატანას, რის შედეგადაც მოუხდათ რუსეთის საჯარისო ნაწლთან შეტაკება, და ვერაგულად დახოცეს 16 გვარდიელი, მათ შორის კახა მიქელაძეც; სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ გადაუჭრა არტერია, მერე. კი წაქცეულს, ტანკზე მდგარმა ჯარისკაცმა მთელი ავტომატის ჯერი დაახალა ბეჭებში...
კახას ძალიან უყვარდა მეგობრები. მას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ მიუტოვებია განსაცდელში ჩავარდნილი თავისი მებრძოლები. ბევრის სიცოცხლეც იხსნა. ბოლოს კი იმ დროს მოუსწრო მტრის ტყვიამ, როდესაც დაჭრილ მეგობარს შველოდა სამშვიდობოზე გასვლაში.
კახას სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს ოფიცრის წოდება, ერთ-ერთ ოცეულს კი – კახა მიქელაძის სახელი.
კახა მიქელაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.