პავლე იოსელიანი დაიბადა 1947 წლის 16 მარტს ქ. თბილისში,
პროფესორ ავთანდილ იოსელიანის ოჯახში. 1964 წ. დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო პედაგოგად თბილისის 54-ე საშუალო სკოლაში, 1976 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი.
სამშობლოს გაჭირვების ჟამს პავლე იოსელიანი თავდაუზოგავად ჩაება ეროვნულ მოძრაობაში. გახდა მაშველთა კორპუსის „მხედრიონის“ წევრი. იბრძოდააფხაზეთში. ფრონტის წინა ხაზს არ ტოვებდა. შვილის ტოლა ბიჯებს მე უკან როგორ დავუდგეო, იტყოდა ხოლმე.
1992 წლის 29 აგვისტოს სოფელ კოლხიდასთან ერთ-ერთი შეტაკების დროს,მომაკვდავი თანამებრძოლის ცეცხლის ხაზიდან გამოყვანისას, მძიმედ დაიჭრა და 3 სექტემბერს გარდაიცვალა.
პავლე იოსელიანის გმირული თავდადება და დამსახურება სამშობლოს წინაშე სათანადოდ შეფასდა და სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი.
პავლე იოსელიანის დიდ ოჯახში დარჩა – აცრემლებული ოთხი ვაჟკაცი და სამი შვილიშვილი, რომლებიც ყოველთვის იამაყებენ მისი დატოვებული კაცური კვალით.