ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჯანჯღავა (დ. 1 ივნისი, 1907, სოფელი გუბი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 10 აპრილი, 1982, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე,
გენერალ-ლეიტენანტი (1953 წ), საბჭოთა კავშირის გმირი (29 მაისი 1945 წ). დაამთავრა ამიერკავკასიის სახელმწიფო სამხედრო სასწავლებელი (1931 წ), გენშტაბის სამხედრო აკადემია (1948 წ). მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939-1940 წწ), ბესარაბიის განთავისუფლებაში (1940 წ). მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის მოქმედ არმიაში იმყოფებოდა.
მან თავისი დივიზიით 65-ე არმიის ჯარებს შორის პირველმა გადალახა მდინარეები: ნარვა, ვისლა და ოდერი. ომის შემდგომ წლებში მეთაურობდა მსროლელ კორპუსს. 1954-58 წლებში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს დოსააფის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის თავმჯდომარედ. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით და მედლებით, აგრეთვე უცხოეთის ქვეყნების ორდენებით.
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა
წყარო-www.wikipedia.ge