სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბელქანია  ბენიამინი არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბელქანია ბენიამინი არქიმანდრიტი

დაბადებულია აფხაზეთში

2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია

ბელქანია ბენიამენი არქიმანდრიტი, წინამძღვარი „ღვთაების“ წმ. ანტონ მარტყოფელის მონასტერი (VI ს.) 2005წ მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 12. ფოტო

მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერი

მარტყოფის ღვთაება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დროებითი რეზიდენციაა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ბერ-მონაზვნები მოღვაწეობენ. მონასტრის წინამძღვარია

არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია),რომელიც მოგვითხრობს: ჩვენს მონასტერში მოღვაწე ღვთისმსახურების უმრავლესობა აფხაზეთიდანაა.

თავდაპირველად ღვთაებაში მონაწილეობდნენ გორი-სამთავისის მთავარეპისკოპოსი მეუფე ანდრია (გვაზავა), ცხინვალ-ნიქოზის მიტროპოლიტი მეუფე ისაია (ჭანტურია), შიო-მღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) და სხვებიც.

მონასტერში ტრადიციაა: ყოველდღე ამ მონასტრის დამაარსებლის (ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის) წმინდა ანტონ მარტყოფელის პარაკლისს ვიხდით. საღამოს ტარდება მწუხრი,სერობა,შემდეგ  ცისკარი, რომელსაც მოსდევს წირვა. ათი წლის განმავლობაში მხოლოდ მე ვიყავი მღვდელი, დღეს,მადლობა უფალს,მონასტერში მამათა სიმრავლეა. ვცდილობთ ყოველდღე ჩატარდეს წირვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია.

მამა ბენიამინი ომის შემდეგ სოხუმში არ ყოფილა, მაგრამ როგორც ამბობს, აფხაზეთზე ფიქრი ერთი წუთითაც არ ტოვებს.

აფხაზეთის ომი შემზარავი იყო თავისი შინაარსით, ძალიან ძნელი იყო მშვიდად გეყურებინა იმისათვის, თუ როგორ ხოცავდნენ ერთად გაზრდილი ბიჭები ერთმანეთს. ძმათამკვლელ ომში ჩაბმაზე მე და ჩემმა ძმამ (შემდგომში მამა ელისემ) უარი ვთქვით, ეკლესიაში, მეუფე დანიელთან მივედით და ჩვენი სამსახური შევთავაზეთ.

მას შემდეგ ტაძარში ვარ. ომი თითქოს ქართველთა მოსაქცევად აგორდა. დღეს საქართველოს ეკლესიები სავსეა აფხაზეთიდან დევნილი სასულიერო პირებით.

თუ ოჯახიდან ერთი უფლის გზას დაადგება, ჩნდება სურვილი, რომ მეორეც წავიდეს... მას შემდეგ, რაც მამა ანდრია (ყურაშვილი) აფხაზეთის ომის დროს, ჯალათების ხელით, მოწამეობრივად აღესრულა, მისი ყველა და-ძმა უფლის სამსახურში ჩადგა. ტაძარშია ჩვენი მოძღვრის, მამა შალვას (შენგელიას) ძმა მამა ანტონიც. ასეთი მაგალითი მორჩილებშიც არის და ეს გასახარია. მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის მოძღვარი,იღუმენი შალვა (შენგელია) ომის შემდეგ აფხაზეთში ჩარჩა და იქ ორი წელი იცხოვრა, მაგრამ საკუთარ მიწაზე უცხო კაცად დარჩენას ვერ შეეგუა. უფლისკენ მიმავალ გზაზე ფიქრი მაშინ დაიწყო, როდესაც 22 წლის ჭაბუკი აფხაზებმა დასახვრეტად გაიყვანეს და იქვე მისი საფლავის თხრა დაიწყეს... ჯალათებს შორის ის გულმოწყალე აფხაზიც აღმოჩნდა და ღვთის ნებით, სიკვდილს გადარჩა. აფხაზეთიდან გადმოსული, ერთხანს რუსეთში ცხოვრობდა. ეკლესიური ცხოვრების დაწყყება მისთვის არავის ურჩევია. ერთ დღეს ბიბლია გადაშალა... და მორჩილ ბავშვად იქცა.

აფხაზეთში,რამდენიმე წლის წინათ, მამა შალვა მეუფე დანიელის კურთხევითა და აფხაზი ნათესავის დახმარებით ჩავიდა.

გაახარა იმ ფაქტმა, რომ მისით, როგორც სასულიერო პირის სტუმრობით, აფხაზები დაინტერესდნენ, რაც ეკლესიისკენ შემობრუნების პროცესის დაწყებას ნიშნავს.

პოზიტივია სულიერებაში ის ფაქტიც, რაც მამა შალვას ჩამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი: კომანში, წმინდა ადგილად არის ქცეული მამა ანდრიას (ყურაშვილის) საფლავი.

მარტყოფის ღვთაების სამონასტრო კომპლექსმა 17 წლის განმავლობაში გარეგნულადაც იცვალა ელფერი: ღირსი მამა ანტონ მარტყოფელის საფლავი (ცამეტ ასურელ მამას ერთნაირი ჰქონდა),შეიცვალა ქართული სტილით შესრულებული საფლავით. აღსადგენთა სიაშია წმინდა ბარბარეს პატარა საყდარი და წმინდა ნიკოლოზის საძმოს საძვალე. შეკეთდა გზა მონასტრამდე და გაკეთდა შუქი. შენდება აგრეთვე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელსაც დაქცეული საყდარი ეწოდებოდა. იგი მდებარეობს მონასტრიდან სამხრეთით, ანგელოზის მთაზე. იქ განთავსდება მონასტრის სკიტი (ბერების საცხოვრისი) და განვითარდება მეცხოველეობა. მიმდინარეობს სენაკების შეკეთება. სარესტავრაციოაღდგენით სამუშაოებში დიდი ღვაწლი მიუძღვის ბერ-მონაზონ იერემიას (ლომიძე). მონასტრის მამები ამბობენ, რომ აფხაზეთში დაბრუნებულები სხვანაირად შეხედავენ კომანს, ახალი ათონის მონასტერს, მოქვის ტაძარს, ბიჭვინთის, ლიხნის, ბედიის ტაძრებს. მანამდე კი ძალიან ბევრი ლოცვა გვმართებს, რომ ღმერთმა ცოდვილი ცხოვრება შეგვინდოს. დევნილობა ჩვენთვის ღვთისაგან დაშვებული განსაცდელია, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება აღდგომა.

ჩვენ დავბრუნდებით!

სვეტლანა კვიკვინია

გაზეთი ილორი 16 ნოემბერი 2010 წელი გვ. 3

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.