მღვდელი იესე მაჭავარიანი. მეფე ერეკლეს 1764 წელს წყალობის სიგელი უბოძებია გმირისთვის, მღვდელ იესე მაჭავარიანისთვის. იესე ბრძოლასა თუ მშვიდობაში სულ მუდამ თან ახლდა ერეკლეს. ერთხელ ქიზიყში დაღესტნელები და ჭარელნი გადმოვიდნენ სალაშქროდ. ქართველები დაედევნენ, ყარაღაჯამდე მიჰყვნენ. ალაზნისა და ივრის შესაყარში ძნელად გასასვლელმა არხმა შეაფერხა ჯარი. ამ დროს მოვიდა მამა იესე და კადნიერად შესძახა მეფეთ: - ღვთივ განძლიერებულნო, რატომ არ მიუშვებთ მტერზე ამ შეჭურვილ მხედრებსო. რომ ნახა, არხი ღრმა იყო, მოიტანა ბარი, გაკვეთა მიწა და გზა გაავაკა. მალევე მიეწივნენ მტერს და გაიმარჯვეს. მამა იესეს მკლავიც გაუმამაცურებია აზატ-ხანის წინააღმდეგ, ყოფილა მჭადიჯვრის ბრძოლაშიც და მაშინაც, როცა ქართლ-კახელთა და იმერელთა გაერთიანებულმა ლაშქარმა მტერზე გაიმარჯვა. მამა იესე ყველგან მხნედ იყო, კიდევაც წირავდა და იარაღსაც ხმარობდა. როგორც მეფე თეიმურაზი, ასევე ერეკლე "ქალაქს გარეთ მყოფობაში" აღსარებას მამა იესესთან ამბობდნენ. სწორედ ამ ერთგულების გამო მეფე ერეკლემ მღვდელ იესეს უბოძა ამოწყვეტილი თავადის, სვიმონიშვილის ნაქონი მამული.