დავით სიხარულიძე (დ. 30 მაისი, 1968, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2008 წლის 9 დეკემბრიდან 2009 წლის 27 აგვისტომდე. დავით სიხარულიძე დაიბადა 1968 წლის 30 მაისს, ქალაქ თბილისში. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალო ფაკულტეტი. 1993-1995 წლებში მუშაობდა ფსიქიატრიის ინსტიტუტში ექიმ-ფსიქიატრად; 1995-1996 წლებში ასრულებდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობებს;]
1996-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში წამყვან სპეციალისტად; 2000-2002 წლებში ეკავა ნატოს სამმართველოს უფროსის თანამდებობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში; 2002 წელს დაინიშნა ნატოში საქართველოს მისიის (ბრიუსელი, ბელგია) ხელმძღვანელის მოადგილედ; 2004 წლის მარტიდან ივლისამდე მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ; 2004 წლის ივლისში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ; 2005 წლის ოქტომბერში დაინიშნა თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ, რომლის კომპეტენციაშიც შედიოდა პოლიტიკისა და დაგეგმვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიული საკითხები; 2006 წლის 1 მარტს დაინიშნა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად; 2008 წლის 9 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად.