სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11758

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან
4.31 ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი) 1724-1737 წწ. კათოლიკოსი
ბმულის კოპირება

საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელნი IV საუკუნიდან

გვარი ბარათაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

460       ბეჭდვა

4.31 ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელიშვილი) 1724-1737 წწ. კათოლიკოსი

ბესარიონი (ბეჟანის ძე ბარათაშვილ-ორბელიშვილი; დ. ? — გ. 1737) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1724-1737 წლებში (ინთრონიზაცია აღესრულა დაგვიანებით 1730 წლის 7 თებერვალს, საფიქრებელია, რომ ამის მიზეზი იყო ოსმალეთში ვიზიტით მყოფი დომენტი IV–ის დაბრუნების მოლოდინი, რომელიც საბოლოოდ გადასახლებული იქნა სულთნის მიერ და მხოლოდ 1737 წელს მიეცა სამშობლოში დაბრუნების უფლება), სასულიერო მწერალი.

1680-1724 წლებში გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მღვდელ-მონაზონია. ვახტანგ VI რუსეთში გამგზავრებისა და დომენტი IV კათოლიკოსის ლორეს ციხეში შეხიზვნის შემდეგ „ბესარიონ დაიპყრა იესეს გამო კათალიკოზობა“. დომენტი კათოლიკოსი ამჯერად მალე დაუბრუნდა საკათოლიკოსო ტახტს, რადგანაც „... მოინდო ფაშამ კათალიკოზი დომენტი...“, თუმცა მალე კათოლიკოსი თავად „...ევედრა, რათა წარავლინოს წინაშე ხონთქარისა, რამეთუ ჰგონებდა მუნიდამ ლხინებასა რასმე ქართლისასა...“ 1725 წელს „დომენტის წარსვლის შემდეგ ერწმუნა კათალიკოზობის კათედრა დავით გარეჯის ბერს ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიანს, ბეჟან ბარათაშვილის ძეს, ავქსონს გრდემლისას“.

ბესარიონ ბარათაშვილის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ არსებული ცნობები მეტად მწირია. ის ჯერ კიდევ ბერობაში მოუწოდებდა მამია III გურიელს მის საბატონოში ტყვის სყიდვის აკრძალვისაკენ.[1] საინტერესოა ასევე მის მიერ 1733 წელს კონსტანტინე II კახთ ბატონის გარდაცვალების შემდეგ ასტრახანში ვახტანგ მეექვსისა და ბაქარ ბატონიშვილისადმი გაგზავნილი წერილი, საიდანაც კარგად ჩანს ბესარიონ კათოლიკოსის არსებული პოლიტიკური ვითარების რეალურად შეფასების უნარი. აღნიშნულ წერილში ბესარიონ კათოლიკოსი დაჟინებით მოითხოვს ვახტანგისაგან სამშობლოში დაბრუნებას, აღუწერს რა საამისოდ ხელსაყრელ პოლიტიკურ სიტუაციას და ქვეყნის სათავეში ჩადგომას თხოვს.

ბესარიონ ბარათაშვილ-ორბელიშვილი გარეჯის ლიტერატურული სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის სრულყოფილად ფლობდა ძველ ქართულ ენას, იყო ფილოსოფიურ-დოგმატიკური და პოლემიკური მწერლობის შესანიშნავი მცოდნე, შემდგენელი ქართველ წმინდანთა საკითხავების ახალი კრებულისა. მას მიეწერება ქართული „ჰაგიოგრაფიული კრებული“-ს II რედაქცია: დომენტი კათოლიკოსის ინიციატივით შედგენილი ადრინდელი კრებული ბესარიონმა შეავსო ახალი თხზულებებით (რაჟდენ პირველმოწამის, მეფე ლუარსაბ II-ისბიძინა ჩოლოყაშვილისშალვა და ელიზბარ ერისთავების ცხოვრებანი). ბესარიონს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტურგიკული და პოლემიკური მწერლობის განვითარებაშიც. სლავურ-რუსულ პროლოგ-სვინაქსარების მიხედვით მან შეადგინა „სადღესასწაულო“-ს ახალი რედაქცია. საქართველოში მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად კათოლიკობისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დაწერა პოლემიკურ-დოგმატიკური თხზულება „გრდემლი“.

„ქართლის ცხოვრების“ თანახმად, „მოკუდა ბესარიონ კათალიკოზი. შემდგომად მოვიდა კათალიკოზი დომენტი სტამბოლიდამ იმერეთს, მოიყვანეს იგივე კათალიკოზად“.

ბესარიონ კათალიკოსი-- ღირსი მწყემსმთავარი
საქართველოს ისტორიას მრავალი სასულიერო პირის სახელი ახსოვს, რომლებმაც ღვაწლითა და დაუღალავი სულიერი მოშურნეობით ფასდაუდებელი საგანძური შემატეს  ჩვენს ეკლესიასა და ქვეყანას. ერთ-ერთი მათგანია კათალიკოსი ბესარიონი, რომელიც 1724-1737 წლებში მართავდა ქართულ ეკლესიას. მის შესახებ რამდენიმე საგულისხმო ცნობა არსებობს. მას იხსენიებენ ანტონ კათალიკოსი თავის „წყობილსიტყვაობასა“ და „მარტირიკაში“, იოანე ბატონიშვილი – „კალმასობაში“, მიხეილ საბინინი „საქართველოს სამოთხეში“. ერთ-ერთ ხელნაწერზე ბესარიონის მიერ მიწერილი ანდერძის თანახმად, იგი „ნათესავით ბარათაშვილი, ტომით ორბელიშვილი“ ყოფილა, მისი მოძღვარი კი დღეს უკვე წმინდანად შერაცხული წმინდა ონოფრე გარეჯელი იყო. როგორც იოანე ბატონიშვილი წერს: „ღირსი მღვდელმთავარი ყოფილა მონაზონებითა სრული, ეკლესიის სიბრძნისმოყვარებასა შინა სრული და მქადაგებელი მსგავსად პავლე მოციქულისა“. ანტონის ცნობის თანახმად კი „მაღალგონიერი“ კათალიკოსი შესანიშნავი ორატორი და მქადაგებელი გახლდათ. მას დაუწერია კვართის კანონი, მონაწილეობდა ტიპიკონის დადგენა-გამართვაში და დაუმუშავებია ქართველ წმინდანთა ცხოვრება-მარტვილობანი. ხუცეს-მონაზონობის დროს კი შეუქმნია კათოლიკეთა სამხილებელი თხზულება „გრდემლი“. ადრეულ პერიოდში მასვე გადაუწერია რამდენიმე ასკეტური ნაწარმოები: 1697 წელს – „ლავსაიკონი“ და ეფრემ ასურის თხზულებანი, 1695 წელს ჟამისწირვა, 1697წელს კი იოანე სინელის „კლემაქსი“, მოგვიანებით, 1715 წელს – გრიგოლ რომის პაპის ცხოვრება და მოქალაქობა. მასვე ეკუთვნის რამდენიმე საგალობელი.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ბესარიონ კათალიკოსის მოღვაწეობა ჰაგიოგრაფიის დარგში. მის დროს მივიწყებული ეს ჟანრი, მისივე თაოსნობით, კვლავ გამოცოცხლებულა. ამავე პერიოდში შეიქმნა ქართველ წმინდანთა ცხოვრება-მარტვილობების კრებული, თავად კათალიკოსს შეუქმნია ვრცელი თხზულება ისე წილკნელზე, რომელიც ავტოგრაფის სახითაა ჩვენამდე მოღწეული, მას თან ერთვის წმინდანის საგალობელი „კანონი მღვდელმთავრისა“. ბესარიონის მიერ შექმნილ მეტაფრასულ ვარინტთა შორისაა წმინდა რაჟდენ პირველმოწამის, წმინდა არჩილ და ლუარსაბ მეფეების, შალვა, ბიძინა და ელიზბარ ერისთავების წამება.  რას გვიამბობს ბესარიონის შესახებ ღირსი გაბრიელ მცირე თავის წიგნში „ღვთივსულიერი თხრობანი“: „ეს მონასტერი განაახლა კაცმა ღმრთისაგან ბესარიონმა, შემდგომში კათალიკოსმა. იგი იყო ახალი ოქროპირი – ღვთივმოცემული მადლით მქადაგებელი და ჭეშმარიტების მეტყველი, რომელმაც მღვდელმონაზვნობის ჟამს ლათინელთა სამხილებლად დაწერა წიგნი მართალი სარწმუნოებისა, რომელსაც „გრდემლი“ ეწოდება. ნეტარის შესახებ გამიგონია ერთი ამბავი: ერთ პატიოსან მღვდელს სმენოდა ბესარიონის საღვთო მოქალაქობის შესახებ და ერთ ღამეს მის სენკაში დასასვენებლად შეჩერდა. ნეტარმა ბერმა სტუმართმოყვარეობისათვის გულთბილად მიიღო იგი. მღვდელს მისი საღმრთო მოქალაქობის ხილვა სურდა, ამიტომ თავს ძალა დაატანა და არ დაიძინა. ბესარიონმა ჯერ დიდხანს იკითხა წმინდანთა წიგნები, შემდეგ სანთელი ჩააქრო და „შემუსვრილი გულითა და მრავლითა ლმობიერებითა“ ზეპირად დაიწყო ლოცვა. შემდეგ ისევ აანთო სანთელი, მაგრამ არც ცეცხლი ჰქონდა, არც კვესი, სანთელი კი მაინც მეყსეულად აინთო. ეს რომ მღვდელმა დაინახა, ძალიან გაუკვირდა. დილით მან მხოლოდ ნაცარი იხილა, რომელშიც ცეცხლი საერთოდ არ იყო, არამედ თურმე წმინდა ბესარიონმა სანთელი ჯვრის სახედ გადასახა ნაცარში და ასე აანთო იგი. ეს ამბავი თვით იმ პატიოსანმა მღვდელმა აუწყა ყველას და ადიდებდა ღვთის საკვირველებას.“



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 02.09.2025
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0