მურთაზ ირემაძე გურამის ძე კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვოს 1986-2008
მოწინავე პოზიციაზე იბრძოდა, ომის დაწყების პირველივე დღიდან. 9 აგვისტოს კი სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა მისი სიცოცხლე.
- სიკვდილზე არც ერთი ჩვენგანი არ ფიქრობდა, ერთმანეთის იმედით და ვაჟკაცური რწმენით ვიბრძოდითო – იხსენებენ თანამებრძოლები, რომლებიც გმირი მეგობრის ხსოვნას უკვდავყოფენ და კვლავ სამშობლოს სამსახურში რჩებიან, მურთაზის გმირობის გასაგრძელებლად.
გურამ ირემაძე, მამა:
„ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვიყავით. მეხმარებოდა შრომაში, მეც, რაც შემეძლო გვერდით ვედექი, ამ მხრივ გული არ მწყდება. ცოლის მოყვანაზე არ ფიქრობდა, მე ახლა ომში წასასვლელად ვემზადებიო, ერაყში მიდიოდა.
დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ყველგან, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ, მასთან ერთად კონტრაქტით 6 ბიჭი წავიდა.
ასმეთაური, დოლიძე რომ დაიჭრა, უფროსად ჩემი შვილი დანიშნა, მას გადააბარა ყველაფერი თურმე. ჩემი შვილის დაღუპვის შემდეგ, უფრო ახლოს გავეცანი სამხედროების ცხოვრებას. ვიცი რა უჭირთ, რა უხარიათ, რა აწუხებთ. ხშირად გვაქვს შეხვედრები მეოთხე ბრიგადაში, იქ სადაც ჩემი შვილი მსახურობდა. ხშირად მივდივარ ვაზიანში.
6 აგვისტოს იწვა გორის ჰოსპიტალში, ვაზიანიდან გადაიყვანეს. მაღალი სიცხე ჰქონდა. გლანდების ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. 6-ში დამირეკა და შემატყობინა ოპერაციას ვიკეთებო.
მეორე დღეს უკვე ომში იყო, ოპერაცია აღარ გაუკეთებია. სიცხიანი წავიდა საბრძოლველად... ჩვენ ტელეფონთან ვმორიგეობდით, ვურეკავდით ხშირად. გული ცუდს მიგრძნობდა. ჩემს ხელში გაზრდილი იყო, ჩემს გულზე მეწვა. 8 აგვისტოს დარეკა, კარგად ვარო, ცხინვალიდან გამოვედი, გორში ვარო, მომატყუა, პრობლემა არა მაქვს არაფერიო. ვთხოვე, თავს უპატრონე, ხომ იცი, შენს გარდა არავინ მეიმედება-მეთქი... კი, ვიციო, მითხრა, მაგრამ ერთი რამეა, ბიჭები მოგვიკლეს და შური უნდა ვიძიო, არ შევარჩენო. დამემშვიდობა და... სულ ეს იყო...
მურთაზი ყუმბარმტყორცნით იბრძოდა. როკის გვირაბში 4 ტანკი ააფეთქეს.
ჩემი შვილი სნაიპერის ტყვიას მოუკლავს ცხინვალში, 9 აგვისტოს. ჯერ მხარში მოხვედრია ტყვია, წამომდგარა, შემობრუნებულა და ავტომატი მოუმარჯვებია. ამასობაში ზურგიდან კეფაში დაუჭრიათ... ბიჭებო, მომკლესო დაუძახია მეგობრებისთვის. იქ იყო მისი ძმაკაცი, კაპრალი გაგა სირაძე. მან 12 კილომეტრი ზურგით ატარა ჩემი შვილი... ცხინვალიდან თითქმის გორამდე.
ძნელია მის გარეშე ჩემი ყოფა, მაგრამ ვდგავარ ფეხზე, გმირი შვილი გავზარდე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი სახელი არ შევარცხვინო“.
მურთაზ ირემაძე 1986 წლის 11 მარტს დაიბადა. 2003 წელს დაამთავრა ჩოხატაურის სოფელ ზოტის საჯარო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა ბათუმის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. III კურსის დახურვის შემდეგ, მოხალისედ წავიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.
2007 წლიდან მსახურობდა კონტრაქტით 41-ე ბატალიონის მე-4–ე ბრიგადაში.