დავით დვალიშვილი რობერტის ძე კაპრალი მედალი მხედრული მამაცობისთვის, 2008 წ. 1980 - 11/08/2008
დავით დვალიშვილი 11 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა. სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა მისი სიცოცხლე. სხვა ინფორმაცია მის ოჯახს არა აქვს. დათომ მათ მხოლოდ იმედი დაუტოვა: „ყველაფერი კარგად იქნება“, – ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. დავით დვალიშვილი წოდებით კაპრალი იყო, 42-ე ბატალიონში მსახურობდა.
ზაირა დვალიშვილი, დედა: „დათო 1980 წლის 15 აგვისტოს, ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში დაიბადა. ქუთაისში ნიკოლაძის სახელობის სპორტული სკოლა დაამთავრა. სკოლის შემდეგ სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტში განაგრძო. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ქუთაისში დაცვაში მუშაობდა, პირადი მცველიც იყო, შემდეგ ჯარში წავიდა.
2006 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა. ერთი წლის შემდეგ კონტრაქტით ვაზიანში მსახურობდა, 42-ე ბატალიონში, წოდებით კაპრალი იყო. კონტრაქტიდან ერთი წელი იყო გასული, რომ დაიღუპა.
სახლში ბოლოს 3 აგვისტოს მოვიდა...
როცა ომი დაიწყო და საინფორმაციო გამოშვებები ყოველ 5 წუთში ერთხელ გადიოდა, ძალიან დავიძაბე, საშინლად ვნერვიულობდი. მაგრამ ჩემი შვილი ისეთი ადამიანი იყო, ზედმეტს არავის ეტყოდა, რომ არ გვენერვიულა. ჩემი ძმისთვის დაურეკავს და უთქვამს: ნუ გეშინიათ, არაფერი არ მოხდებაო. გვატყუებდა, მე არ ვარ ცხელ წერტილშიო...
ბოლოს 9 აგვისტოს გველაპარაკა: ნუ ნერვიულობ, დედა, ყველაფერი კარგად იქნებაო... 7 აგვისტოს ვაზიანის ბრიგადა ცხინვალში შეიყვანეს.
ერთი შვილი დარჩა. ბოლოს მისთვისაც დაურეკავს და უთქვამს: მამი, მე თუ რამე მომივიდა, შენ ჩემით იამაყეო...
11 აგვისტოს ცხინვალში დაიღუპა. როგორც ვიცით, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. იმ დღესვე მოასვენეს სახლში. მის გარეშე ცხოვრება საშინელებაა, მაგრამ გმირის დედა მქვია... როგორღაც ვცოცხლობ, მისი საფლავი დამრჩა ერთადერთ ნუგეშად“.