
დვალიშვილი ილია (ერისკაცობაში –
გიგა) – იღუმენი
დაბადების წელი და ადგილი: 1989 წელი,
ქალაქი გორი
ბერად აღკვეცა: 2015 წლის 10 მარტი
ანგელოზის დღე: 2 აგვისტო – წმინდა წინასწარმეტყველი
ილია თეზბიტელის ხსენება
მსახურების ადგილი (2026 წლის მდგომარეობით): გორისა
და ატენის ეპარქია, ატენის სიონის მამათა
მონასტერი, სოფელი ატენი, გორის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლი.
საეკლესიო მორჩილებებისა და
მსახურების ქრონოლოგია:
2011–2012 წლებში მოღვაწეობდა
ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის (მმართველი – მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია))
ალევის სამების მამათა მონასტერში (წინამძღვარი – არქიმანდრიტი იოანე (სამუშია)).
2012–2023 წლებში მოღვაწეობდა
მცხეთა-თბილისის ეპარქიის (მმართველი –
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II) შიომღვიმის მამათა
მონასტერში (1997-2013 წწ. წინამძღვარი – არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე),
ამჟამად თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, 2013 წლიდან კი – არქიმანდრიტი
საბა (ჯიშკარიანი)). მორჩილად შეიმოსა 2013 წლის 4 მაისს.
მორჩილი გერმანე 2015 წლის 10 მარტს შიომღვიმის მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის ტაძარში არქიმანდრიტმა საბამ (ჯიშკარიანი) ბერად აღკვეცა და
სახელად უწოდა ილია. იმავე წლის 21
სექტემბერს, ვარხანის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქ
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ბერ ილიას ხელი დაასხა
დიაკვნად. 2018 წლის 11 მარტს, ახალციხის წმინდა დიდმოწამე მარინეს სახელობის
ტაძარში, კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) ბერდიაკვანი
ილია მღვდლად აკურთხა.
2023 წლიდან დღემდე, მსახურობს გორისა
და ატენის ეპარქიის (მმართველი –
მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)), ატენის სიონის მამათა მონასტერში. 2026
წლის 19 აპრილს, მაცხოვრის აღდგომის მშენებარე საკათედრო ტაძარში, გორისა და
ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა), ნეტარხსენებული სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ეკლესიისადმი ერთგული
მსახურებისთვის, მღვდელმონაზონი ილია აღიყვანა იღუმენის ხარისხში და დააჯილდოვა
ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
საერო ბიოგრაფიული მონაცემები:
იღუმენი ილია, ერისკაცობაში გიგა
დვალიშვილი, დაიბადა 1989 წლის 29 ნოემბერს. მშობლები: მამა - გიორგი თენგიზის ძე
დვალიშვილი; დედა - ნინო თენგიზის ასული ჯოხაძე.
2010 წელს წარმატებით დაასრულა ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და
ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე და მიენიჭა ბიზნეს
ადმინისტრირების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ლათინურ
ენებს.
წყაროები:
ბერად აღკვეცა: საპატრიარქოს უწყებანი
N11 19-25 მარტი 2015 წ. გვ.4 https://mematiane.ge/docs/1752570065687618d141e9c.pdf
იღუმენის ხარისხში აყვანა: გორისა და
ატენის ეპარქიის ოფიციალური გვერდი https://www.facebook.com/share/p/1EfFnv8BwP/?mibextid=wwXIfr