ნუგზარ მიხანაშვილი – (დ. 2 მაისი, 1956, გორი. — გ. 3 ნოემბერი, 1992).
განათლება – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიის ფაკულტეტი (1979).
სამუშაო გამოცდილება
ნიადაგმცოდნეობის და აგროქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.
მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992): საკომპენსაციო სიით, ბლოკი „ერთობა“. ავღანეთის ომის ვეტერანთა კავშირის წევრი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
სურათზე ავღანელთა კავშირის მეთაურის პირველი მოადგილე, პარლამენტარი ნუგზარ მიხანაშვილია.
შრომის მისადგომებთან ის ავღანელთა 25–კაციან შენაერთს მეთაურობდა. მტრის ტყვიას ემსხვერპლა თუ შეცდომით თავისიანის ხელით დაიღუპა, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ის წინა ხაზზე იბრძოდა და თავის ხუთ თანამებრძოლთან ერთად გმირულად დაიღუპა.
1992 წლის 4 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა. დეპუტატებმა წინა დღით დაღუპულ მიხანაშვილის სხოვნას, რომელიც ვერ მოესწრო პარლამენტში შესვლას, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ნუგზარ მიხანაშვილის ქვრივი მაია ბუჩუკური, ამ ტრაგედიის დროს მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. მეუღლის დაკრძალვის დღეს, 11 ნოემბერს, მას ვაჟი – პატარა ნუგზარი შეეძინა.
1992 წლის ოქტომბრის ბოლოს, ახალშენის პოზიციაზე მდგარმა სამმა მოხალისემ, საგუშაგო თვითნებურად მიატოვა და ერთ–ერთი მათგანი აფხაზებს ტყვედ ჩაბარდა. 3 ნოემბრის ღამეს, აღნიშნული მოხალისე შუბარადან გადმოსულ მტრის ნაწილებს წინ წამოუძღვა და ახალშენის ქართულ პოცზიციებზე მოწინაარმდეგემ შეუმჩნევლად შეაღწია. თითქმის ოთხი ათეული ქართველი მებრძოლიდან, მხოლოდ რამდენიმე კაცი გადარჩა. მალხაზ დოლიძე, რომელიც ადრევე გაიქცა შტაბისკენ, გზაში სატვირთო მანქანით მომავალ თანამებრძოლებს გადაეყარა. მომხდარი ამბავი შტაბს რაციით შეატყობინეს და დოლიძეც მათთან ერთად ისევ უკან გამოემართა. მოწინააღმდეგეს ამ დროისთვის უკვე დაკავებული ჰქონდა ახალშენის პოზიციები და ჩვენი ძალების ეს ჯგუფიც ალყაში მოაქცია. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, რა დროსაც ყველა მათგანი დაიღუპა.
ახალშენის ბარიერის (სოფელში არ შესულან) დაძლევის შემდეგ, მტერი შრომის მიმართულებით დაიძრა. მოწინააღმდეგის 350 კაციანი ჯარი, ძირითადად ჩეჩნებისგან და ყაბარდოელებისგან შედგებოდა (ოთხი შენაერთს წარმოადგენდა: ჩეჩნური ბატალიონი ბასაევის მეთაურობით, შარატინი, აფხაზურ – მოხაჯირული ჯგუფი და ყაბარდოელების ბატალიონი). ოთხი „ბმპ“–ის და ერთი „მტ –ლბ“–ის (მრავალფუნქციური ტრანსპორტიორი) თანხლებით. გეგმის თანახმად სიმაღლეზე მტერს სამი მხრიდან უნდა მიეტანა იერიში, თუმცა ბოლო მომენტში გეგმა შეცვალეს და შეტევა ერთი მიმართულებით განავითარეს.
შრომასთან მომხვდურს ჩვენი ძალები უკვე მომზადებულები დახვდნენ. ზურაბ ძამუაშვილის ტანკის ეკიპაჟმა მტრის მეწინავე ორი ბმპ ააფეთქა. რამდენიმე წუთში ჩვენებმა აფხაზებს კიდევ ორი ერთელი მძიმე ტექნიკა აუფეთქეს (მწყობრიდან გამოიყვანეს) და მოწინააღმდეგე ერთი ბმპ–ს ამარად დატოვეს. მათი პოზიციები იბომბებოდა გრადის და „მინამიოტის“ ტიპის დანადგარებიდან. მოქმედებდნენ სნაიპერებიც.
აი რას წერს თავის მოგონებებში ერთ–ერთი რუსი მოხალისე (სამაჩაბლოშიც იბრძოდა):
ქართველებმა ცეცხლი ყველა მხრიდან გაგვიხსნეს. მე სატვირთო მანქანის საბურავს ვიყავი ამოფარებული. ცხვირის გამოყოფაც კი შეუძლებელი იყო. სნაიპერმა მარტო ჩემი მიმართულებით 15 წუთის განმავლობაში 8 – 10 გასროლა განახორციელა. ანალოგიურ დღეში იყვნენ ჩემი თანამებრძოლებიც. მონაკვეთი არ დარჩენილა, რომ გრადს, „მინამიოტს“ და ტანკს არ დაემუშავებინა. ეს ჯოჯოხეთი სამი საათი გრძელდებოდა, რის შემდეგაც ქართველები კონტრშეტევაზე გადმოვიდნენ. ბრძოლებმა კიდევ ოთხი საათი გასტანა და საღამოს ექვსი საათისკენ მცირე ჯგუფებად (2 – 5 კაცი) დანაწევრებულებმა უკან დახევა დავიწყეთ. ბევრმა მიმდებარე ტყეს შეაფარა თავი და მხოლოდ მეორე–მესამე დღეს მოახერხეს საწყის პოზიციებზე დაბრუნება.
ამ ოპერაციის დროს ჩვენმა საბრძოლო ვერთფრენებმაც მიიღეს მონაწილეობა. ჯიმი მაისურაძის მი – 24 მა შეცდომით ჩვენსავე პოზიციაზე მიიტანა იერიში, რომელიც ბასაევის მებრძოლებს ახალი მიტოვებული ჰქონდათ. აფხაზური წყაროს ცნობით, ამ ინციდენტს „იმერელი ავღანელები“ ემსხვერპლენ (ექვსი ავღანელი დაიღუპა ამ ბრძოლების დროს და თუ ეს სიმართლეა, მაშინ ექვსი დაღუპული გამოდის). ქართული წყაროები კი 30 დაღუპულზე საუბრობენ, ოღონდ არა შრომის, არამედ ახალშენის პოზიციაზე. ახალშენში მართლაც დაიღუპა სამი ათეული ქართველი მებრძოლი, ოღონდ არა საჰაერო შეტევის დროს, არამედ მტრის ქვეითების თავდასხმის შედეგად. საქმე იმაშია რომ, მაისურაძემ კამანზეც (ახალშენის მოსაზღვრე სოფელი) მიიტანა იერიში (მცდარი ცნობა მიაწოდეს, რომ თითქოს ახალშენთან ერთად, აფხაზებს ეს სოფელიც აეღოთ), რა დროსაც ერთი ჩვენი მებრძოლი დაიჭრა. ალბათ ამიტომაც გავრცელდა ეს მცდარი ინფორმაცია. ამ სამწუხარო გაუგებრობამ ჩვენს ძალებში დაბნეულობა გამოიწვია და შეტევის მაღალ ტემპში შენარჩუნება ვეღარ მოხერხდა. მტერმა რათქმაუნდა ისარგებლა ამ გარემოებით და ამ ურთულესი მდგომარეობიდან, მართალია დიდი დანაკარგების ფასად, მაგრამ მაინც შეძლო თავის დაღწევა.
3 ნოემბრის ბრძოლებს მინიმუმ 48 – 49 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. არადა ჩვენი გენშტაბი 35 მებრძოლის დაღუპვის თაობაზე იუწყებოდა. დღესაც იგივე ციფრი სახელდება. ამ 35 კაცში სავარაუდოდ 6 ავღანელი და ახალშენის პოზიციაზე (შესაბამისად 29 კაცი) დაღუპულები იგულისხმებიან. ჩასაფრებაში მოყოლილ 13 – 14 (შესაძლოა 23 – 24 კაციც ყოფილიყო. სხვა წყაროში ეს ციფრი სახელდება) კაცზე არაფერია ნათქვამი. ასევე არაფერია ნათქვამი შრომასთან გამართული ბრძოლების დროს დაღუპულ მეომრებზე (ავღანელებს თუ არ ჩავთვლით). პრინციპში შესაძლოა სხვა მსხვერპლი არც ყოფილიყო, გამომდინარე იქიდან რომ, ჩვენს ძალებს შრომაში მომგებიანი პოზიციები ეკავათ.
დაღუპული ავღანელები: ნ. მიხანაშვილი, ვ. ბანეთიშვილი, ვ. სუვორიანი, კ. აბზიანიძე, ს. გრიგოლავა, ბ. ჟვანია.) თბილისში, ორხევის დასახლებაში, ორ ქუჩას ბანეთიშვილის და აბზიანიძის სახელები აქვთ მინიჭებული.
ახალშენში დაიღუპნენ თამაზ დოლიძე და არჩილ ამაღლობელი.
დოლიძე ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელი ( ფიზიკა – მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი) იყო. განათლებით თეორიტიკოსს, უცხოეთის ავტორიტეტულ ჟურნალებში არაერთი ნაშრომი ჰქონდა გამოქვეყნებული. კონფერენციებზეც ხშირად იღებდა მონაწილეობას. ბოლოს ვლადივოსტოკში (რუსეთი) გამართულ ბირთვული რეაქციების საერთაშორისო კონფერეციაზე იმყოფებოდა, სადაც მოხსენებით გამოვიდა და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა.
2013 წლიდან ვაკეში (ბაგებში) მ. დოლიძისა და ა. ამაღლობელის სახელობის ქუჩებია.
ახალშენში დაიღუპა საულ (ზური) ადეიშვილი.
2 ნოემბრის დღის ცხრა საათზე შტაბის უფროსს მოახსენა, რომ შუბარა–ახალშენის მიმართულებით შემოვლითი გზა იჭრებოდა. შტაბში ამ მოხსენებას დეზინფორმაცია უწოდეს და პოზიციაზე დაბრუნება უბრძანეს?!
ჩასაფრებაში დაიღუპნენ გივი ნოზაძე და მისი დეიდაშვილი (ვაჟა ?!)
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, ისინი სამუშაოდ საბერძნეთში აპირებდნენ წასვლას. მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში საომარი ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა, საბერძნეთის ნაცლად, ბიჭები აფხაზეთის გზას დაადგნენ.
დაღუპულთა შორის იყვნენ თეიმურაზ ძიძიგური და თამაზ ზოროიანიც.
ტექნიკას რაც შეეხება. ერთი „ბმპ“ დავკარგეთ, ერთიც დაგვიზიანეს. დაზიანდა ასევე ერთი ტანკი.
მტრის დანაკარგმა ჩვენი წყაროების მიხედვით – 200 კაცი შეადგინა. ეს ციფრი რათქმაუნდა გაზვიადებულია. იმავე რუს მოხალისეს თუ დავუჯერებთ, მათმა საერთო დანაკარგმა – 20 დაღუპული, 10 უგზოუკვლოდ დაკარგული და 80 დაჭრილი შეადგინა. თუმცა მისივე თანამებრძოლი გარიკ სანგულია (ისიც ყაბარდოელების ბატალიონში იბრძოდა) მხოლოდ მათ ბატალიონს 20–მდე დაღუპულს მიაწერს. არადა ჩეჩენთა ბატალიონმა ყველაზე მძიმე დანაკარგები განიცადა (პირველ ეშელონს სწორედ ისინი წარმოადგენდნენ). დანაკარგები ჰქონდათ შარატინის და აფხაზ – მოხაჯირების შენაერთებსაც (რუსი მოხალისე, ათონელი აფხაზების ერთი ჯგუფის განადგურებაზე საუბრობს).
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს რომ, ოდნავ მოგვიანებით ჩვენმა ძალებმა ახალშენი–შრომის მიდამოებში გაწმენდითი სამუშაოები ჩაატარეს, რა დროსაც 30–მდე ბოევიკი იქნა განადგურებული (მათი დიდი ნაწილი ან უკვე მკვდარი იყო, ან სიკვდილის პირას იყო). ბევრი დაჭრილის გაყვანა ვერ მოახერხეს აფხაზებმა და ეს ბუნებრივიცაა. ასე რომ რეალურად მათმა დანაკარგმა 40 – 50 დაღუპული და 30–მდე უგზოუკვლოდ დაკარგული შეადგინა (ისინიც დაღუპულებს უნდა მივაწეროთ).
ტექნიკის სახით აფხაზებმა ოთხი „ბმპ“ და ერთი „მტ–ლბ“დაკარგეს. „ბმპ 04“ და „მტ–ლბ“ გაუნადგურდათ, სამი „ბმპ“კი ჩვენებმა ხელში ჩაიგდეს („N01“ სრულად გამართული. „N07“ და „N16“ დაზიანებული).
რაც შეეხება მოღალატე ქართველს. ის ჩვენმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს. სამხედრო საველე სასამართლომ, პოლკოვნიკ გ. ებიაშვილის თავჯდომარეობით, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რომელიც იმავე წლის 9 ნოემბერს, სისრულეში იქნა მოყვანილი!
წყარო ლაშა სირანაშვილი
კვლავ შეძრა გული და გონება აფხაზეთის სოფელ შრომასთან 3 ნოემბერს დატრიალებულმა ტრაგედიამ, დაიღუპნენ ავღანეთის ომგამოვლილები, საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ მიხანაშვილი, ვაჟა ბანეთიშვილი, ვიტალი სუვორიანი, კობა აბზიანიძე, ბადრი ჟვანია, სოსო გრიგოლავა.
.. 10 ნოემბერს ქართველი საზოგადოებრიობა გამოეთხოვა ნუგზარ მიხანაშვილს, ვაჟა ბანეთიშვილს, ვიტალი სუვორიანს, სოსო გრიგოლავას, რომელთა ცხედრები დასვენებული იყო კინოს სახლში. ბადრი ჟვანია – გულრიფშის რაიონის მკვიდრი – სოფელ დრანდაში წაასვენეს მშობლებმა, ხოლო კობა აბზიანიძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ.
ვაჟა ბანეთიშვილი 1992წ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი
ნუგზარ მიხანაშვილი 1956-92წწ გარდ. აფხაზეთში დაბ. გორი
სუვორიანი ვიტალი გარდ. 1992წ. სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ. თბილისი
სოსო აბზიანიძე 1965-92წწ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი
სოსო გრიგოლავა ს ფოტო ვერ მოვიძიეთ