ვაჟა ბანეთიშვილი ორხევის ბატალიონი
კვლავ შეძრა გული და გონება აფხაზეთის სოფელ შრომასთან 3 ნოემბერს დატრიალებულმა ტრაგედიამ, დაიღუპნენ ავღანეთის ომგამოვლილები, საქართველოს პარლამენტის წევრი ნუგზარ მიხანაშვილი, ვაჟა ბანეთიშვილი, ვიტალი სუვორიანი, კობა აბზიანიძე, ბადრი ჟვანია, სოსო გრიგოლავა.
.. 10 ნოემბერს ქართველი საზოგადოებრიობა გამოეთხოვა ნუგზარ მიხანაშვილს, ვაჟა ბანეთიშვილს, ვიტალი სუვორიანს, სოსო გრიგოლავას, რომელთა ცხედრები დასვენებული იყო კინოს სახლში. ბადრი ჟვანია – გულრიფშის რაიონის მკვიდრი – სოფელ დრანდაში წაასვენეს მშობლებმა, ხოლო კობა აბზიანიძეს ხუთშაბათს დაკრძალავენ.
მამაც მეომრებს მხედრული პატივი მიაგეს თანამებრძოლებმა. მდუმარედ ჩაუარეს ცხედრებს ათასობით თბილისელმა, რომლებმაც ალალი ცრემლით გააცილეს უკანასკნელ გზაზე სამშობლოს ერთგული “შვილები.
სამშობლოსათვის დაცემულ მამაც ჯარისკაცებთან გამოსათხოვებლად მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე, პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, პარლამენტის სპიკერი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ გოგუაძე, სხვა ოფიციალური პირები, პარლამენტარები.
გაიმართა სამგლოვიარო მიტინგი. იგი გახსნა პარლამენტის წევრმა ელდარ შენგელაიამ, გამოსათხოვარი სიტყვები წარმოთქვეს მწერალმა გურამ ფანჯიკიძემ, მსახიობმა დოდო ჭიჭინაძემ, პარლამენტის წევრმა, პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა, აფხაზეთში მებრძოლი ბატალიონის უფროსმა გურამ ჯანიაშვილმა, ავღანეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა ნოდარ გიორგაძემ.
სამგლოვიარო მიტინგზე სიტყვა წარმოთქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ.მან გულისტკივილით მიუსამძიმრა დაღუპულთა მშობლებს, ოჯახის წევრებს,ახლობლებს ეს აუნაზღაურებელი დანაკლისი.
– მე მეყო ძალა, – თქვა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ, – მიმეღწია ომის შეწყვეტისათვის ავღანეთში, ჩემს სამშობლოში კი – ვერა. ჩვენ ახლა არა მარტო ვტირით, არამედ ვფიქრობთ... მადლობელი ვარ ამ ბიჭების დედებისა და მამების, მადლობელი ვარ ერთ-ერთი დედისა, რომელმაც თქვა – მე წავალ ჩემს შვილთან ერთად და იქ დავდგებიო... დღეს ყველა ჩვენგანისათვის ერთი რამაა მთავარი – საქართველოს ერთიანობა და მთლიანობა. ჩვენ ისტორიულად ტანჯული ხალხი ვართ, არაფერი იოლად არ მოსდის ქართველ ხალხს. ყოველი გოჯი ჩვენი მიწისა სისხლითაა მორწყული. სამწუხაროდ და საუბედუროდ დღესაც ასე მოხდა: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ძვირად გვიჯდება, როცა იგი ასეთი ბიჭების სიცოცხლეს მოითხოვს მსხვერპლად. ერთადერთ ნუგეშად ისღა დაგვრჩენია, რომ ამ ვაჟკაცების ხსოვნა ნათელი იქნება, ყველა, ვინც ამ ქვეყნად დარჩება, იამაყებს მათი სახელებით.
მარტყოფის მკვიდრი ვაჟა ბანეთიშვილი დაიბადა 1969 წ. 25 თებერვალს თბილისში.
დამთავრა ორხევის საშ. სკოლა.
მალე გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, იმსახურა ავღანეთში,
სამშობლოში დაბრუნდა 2989წ. 25 მაისს .
ვაჟა ბანეთიშვილი იბრძოდა ცხინვალში. აფხაზეთის ომის დაწყებისთსნავე
,,ავღანელთა კავშირის" წევრებთან ერთად მოხალისედ წავიდა და იბრძოლა თავდაუზოგავად.
ვაჟა 1992 წ 3 ნოემბერს ბრძოლის ველზე დაიჭრა და 4 ნოემბერს გარდაიცვალა სოხუმის პირველ საავადმყოფოში. დარჩა მეუღლე _
ციცინო ჭიჭიკოშვილი და შვილი _ ირაკლი ბანეთიშვილი.
გმირი დაკრძალეს მშობლიური მარტყოფის სასაფლაოზე.
ვაჟა ბანეთიშვილს მინიჭებული აქვს არაერთი ორდენი მამაცობისთვის ავღანეთში.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
სავადმყოფოს შენობაში ჩოჩქოლი ატყდა...
თუმცა, ბოლოს როდის იყო სიწყნარე, აღარავის ახსოვს...
ანდა ჩოჩქოლი და აურზაური საკვირველი ვისთვის უნდა ყოფილიყო, გამძაფრებული ბრძოლების ეპიცენტრში.
საოპერაციოში ერთდროულად ოთხი დაჭრილი შეიყვანეს ერთმანეთის მიყოლებით დააწვინეს.
ექიმი ანესთეზიოლოგი ექთანს მითითებებს აძლევდა:
გაამზადე თიოპენტალი და სევოვორი.
ფეხში დაჭრილისთვის კი ლიდოკანი გამიმზადე!ქირურგი ხან ერთ დაჭრილთან მივიდოდა და ასისტენტს დახმარებას თხოვდა ან მითითებას აძლევდა, ხან მეორე დაჭრილს დახედა და და დამხმარე ექიმს შექებით მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.
ერთ-ერთ საოპერაციო მაგიდაზე მთასავით ახალგაზრდა იწვა, არც სახეზე ეტყობოდა ტკივილის ნიშანწყალი და არც საუბარზე,მის არასახარბიელო მდგომარეობას მხოლოდ მაშინ მიხვდებოდა დაკვირვებული თვალი, როდესაც წარბშეკრული ქვედა ტუჩს მოიკვნეტდა...
ახალგაზრდას ექთანი მიუახლოვდა ყდაში ჩასმული თაბახის ფურცლებით:
-სახელი, გვარი!
-ვაჟა ბანეთიშვილი.
- დაბადების თარიღი.
_1969წ 25 თებერვალი.ქ.თბილისი.
თბილისელი ხართ, რომელი ბატალიონიდან?
-მარტყოფელი ვარ ქალბატონო და ავღანელთა კავშირიდან გახლავარ!
წადით, სხვა დაჭრილებს მიხედეთ, ხომ ხედავთ არაფერი მიჭირს.
- ტანით კი გავხართ ამირანს, მაგრამ ორივე ფეხში, ხელისგულში, ზურგში და ყელში ჭრილობები გაქვთ.
- მით უკეთესი, ესეიგი მარტო ტანით კი არა ჭრილობებითაც ვგავარ როგორც ჩანს.
თქვა დაჭრილმა და გულიანად გაიცინა.
უეცრად, ქირურგის ხმა გაისმა:
დამეხმარეთ პაციენტს ვკარგავთ!
- მიხედეთ ექიმო, მე არაფერი მიჭირს!
- ნუნუკა გამაყუჩებელი გაუკეთე ბანეთიშვილს! საოპერაციოში გაისმა ექიმის ხმა.
- ახლავე ექიმო!
ექთანმა ერთი ნემსი კუნთში გაუკეთა ვაჟას, მეორე კი ვენაში ჩადგმულ წვეთოვანში გაუშვა...
ვაჟამ გაუღიმა, მადლობა გადაუხადა და დასძინა:
ომი რომ დამთავრდება, აუცილებლად მეწვიეთ მარტყოფში, ჩემი პატარა ვაჟკაცი უნდა გაგაცნოთ!
რამოდენიმე წუთში, დაჭრილს სხეულში სითბომ დაუარა...
დიდი დრო არ გასულა, როდესაც თვლემა მოერია, ვაჟამ
რაღაცნაირი სიმსუბუქე იგრძნო...
მერე უცნაური რძისფერი ნისლი მოეძალა იქაურობას და მებრძოლი უწონადო გახდა.
რაღაც ვერთქმული შეგრძნება დაეუფლა, გონებით წარსულში გადასახლდა.
დღეს ხომ 4 ნოემბერია, მისი და ციცის შეუღლებიდან სამი წელი გახდა.
გონებაში ის დღე ამოტივტივდა , როდესაც პირველად ნახა ციცი, გულიც სწორედ ისე აუძგერდა როგორც მაშინ და ახლაც ისე დაიწყო ფეთქვა:
ცი- ცი; ცი- ცი; ცი-ცი; ცი-ცი...
თვალწინ დაუდგა პირველი შეხვედრა: ბედისწერის ბრალი იყო ალბათ,ის შეხვდრა, არა და რა უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს . საერთო მეგობარი საავადმყოფოში მოხვდა და ციცის ვაჟას მეშვეობით შეუთვალა მნახეო.
იმ დღეს თავი დაკარგა გაწონასწორებულმა და დინჯმა ვაჟამ.
მალე მოიტაცა კიდევც საოცნებო ასული...
ციციმ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ჯერ არ გამოგყვებიო ცოლად.
დამაცადე უმაღლეს სასწავლებლებში ჩავაბარო და მერე წამიყვანეო სახლში.
რა უნდა ექნა ვაჟას? სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ეს პაწაწინა გოგო, მის ცრემლებს ვერ გაუძლო და სახლში დააბრუნა...
რამოდენიმე კვირაში კი ჯარში წაიყვანეს, თანაც ავღანეთში უკრეს თავი.
საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე, რძისფერ ნისლში გახვეული ვაჟა, გარკვევით ხედავდა როგორ წერდა ავღანეთიდან თავის რჩეულს წერილებს...
ფურცელზე ლამაზად გამოჰყავდა ასოები:
შენ მაცოცხლებ ჩემო ერთადერთო, შენს გამო ვფრთხილობ,აქ ადვილია სიკვდილი, ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულია დუშმანი , მხოლოდ შენი სიყვარული მაძლებინებს!..
კონოკადრებივით ხედავდა დაბრუნებას, ციცისთან შეხვედრას, ქორწილს, პირმშოს დაბადებას, ძეობას...მერე კი ომს...
ჯერ სამსჩაბლოში ბრძოლა ნახა კადრებად,მერე აფხაზეთში ავღანელთა კავშირის წევრებთან ერთად მოხალისედ წასვლა ბოლოს კი ცხადად დაინახა , როგორ დაიჭრა...
თვალნათლივ ნახა როგორ მოუკლა სნაიპერის ტყვიამ მეგობრები_ ვიტალი სუვორიანი და კობა აბზიანიძე, ხოლო როდესაც სოსო გრიგალავას განგმირული,მოცელილი სხეული დაინახა, ამოიკვნესა და კვნესას ამოაყოლა:
და რისთვის ღმერთო ამხელა მსხვერპლი?!
კბილები გაახრჭიალა და მიყუჩდა...
გულისცემა ჩაცხრა, ჩაეძინა...
ღრმად და მშვიდად დაიწყო სუნთქვა, სახეზე კეთილი ღიმილი გადაჰფენოდა.
უეცრად, თითქოს სიზმარში შეეშინდაო, ერთი ძალუმად შეხტა და ღრმად ამოისუნთქა...
ეს იყო ვაჟას უკანასკნელი ამოსუნთქვა, მიიძინა სამუდამოდ სამშობლოს სიყვარულით გულანთებულმა და ამ სიყვარულს შეწირულმა ვაჟკაცმა.
შორენა გორგოძე
ვაჟა ბანეთიშვილი 1992წ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი
ნუგზარ მიხანაშვილი 1956-92წწ გარდ. აფხაზეთში დაბ. გორი
სუვორიანი ვიტალი გარდ. 1992წ. სოფ. შრომა აფხაზეთი დაბ. თბილისი
სოსო აბზიანიძე 1965-92წწ. გარდ. სოფ. შრომა სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი
სოსო გრიგოლავა ს ფოტო ვერ მოვიძიეთ