გოჩა ნაჭყებია დაიბადა 14 მაისი 1964 წელი სოხუმში, ცხოვრობს სენაკში ინფორმაცია მოგვაწოდა მარინა ნაჭყებიამ
აფხაზეთი. სოხუმი. გუმისთა. ნუგზარ ქებურია
სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონი.
„ გოჩა ნაჭყებია და მისი მეგობრები... “
( დოკუმენტური ნოველა )
საღამო ჟამი იყო, როდესაც სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონში, რომელიც დისლოცირებული იყო ყოფილი „ზაკვო-ს“ ტერიტორიაზე, მოულოდნელად განგაში გამოცხადდა. მეომრების თქმით გასაკვირი ამაში არაფერი იყო, ვინაიდან ქალაქი საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა და აფხაზური მხარის დაქირავებული ბოევიკების პროვოკაციული გამოხტომები და თავდასხმები ყოველ წუთს იყო მოსალოდნელი. მაგრამ, რატომღაც, ტყვია-წამალი ნაღმმტყორცნის ჭურვები, ხელყუმბარები საკმაოზე გაცილებით მეტი დაურიგეს ბატალიონის მეომრებს და სწრაფად გადაისროლეს გუმისთის მიმართულებით...
გუმისთაში სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის ძირითადი ნაწილი, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბერიძის მეთაურობით რკინისგზის სადგურ „აჩადარის“ მიმართულებით გაემართა. მე-2 ჯგუფი კაფე „დელფინი-ს“ ტერიტორიაზე, ზღვის მხარეს გამაგრდა. ლერი ქარდავას ასეულიდან, მცირე ჯგუფი,
ცენტრალური გზის მიდამოებში დატოვეს...
მათი ძირითადი დანიშნულება იყო მე-2 ხაზის გამაგრება, ქალაქში შესასვლელი გზების ბლოკირება...
შუაღამე გადასული იქნებოდა, როცა რუსებმა მოულოდნელად რაღაც აბაჟურის მაგვარი მანათობელი ააფრინეს ცაში. ირგვლივ ყველაფერი განათდა. ორი სამი წუთიც და... საშინელი წივილით წამოვიდა ნაღმები და ჭურვები... რუსეთის საჯარისი ნაწილები არტილერიით, ტანკებით, ავიაციით, საზღვაო საბრძოლო ხომალდებით, ცოცხალი ძალით და მათთან ერთად ჩრდილო კავკასიელი კონფედერატები, კაზაკები, სომხების ,,ბაგრამიანის ბატალიონი,, და, რა თქმა უნდა, აფსუა სეპარატისტების კბილებამდე შეიარაღებული ბანდფორმირებები ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ. ზუზუნებდა ტყე... მიწის ბელტები, ფოთლები და ხის ქერქების ნაგლეჯები ქართველ მეომრებს თავზე ეყრებოდა... გოჩა ნაჭყებიას თქმით, ყოველი მეტრი იბომბებოდა, მთელი წინა ხაზი ჭურვების გასკდომისაგან განათებული იყო, გუმისთა-აჩადარის ტერიტორია ჯოჯოხეთის ქარ-ცეცხლში იყო მოქცეული. გაყინულ მიწაზე დაწოლილ მეომრებს ისეთი შეგრძნება ეუფლებოდათ, თითქოს მიწა ქვევიდან იძროდა და ხაფანგში მოყოლილი ნადირივით აცეცებდნენ დაფეთებულ თვალებს აქე-იქეთ...
- რა იყო ეს, ა? - ორსათიანი უწყვეტი დაბომბვის შემდეგ, გაჭირვებით ამოიოხრა გოჩა ნაჭყებიამ. მის გვერდით ძლივს სუნთქავდა გულრიფშელი მებრძოლი დათო თოდუა. - რა იყო ბიჭო, დაჭრილი ხომ არ ხარ? - ჰკითხა მან სანახევროდ მიწაში ჩაფლულ თანამებრძოლს.
- არა, დაჭრილი არა, მაგრამ... ჭურვების აფეთქების შედეგად, რაც ჰაერში აფრიალდა, ყველაფერი მე დამეყარა თავზე. - გაშავებული სახე მოიწმინდა დაფეთებულმა ბიჭმა. მის ირგვლივ და ყველგან მტვრის ბუღი იდგა, ჰაერი ტყვია-წამლის სუნით იყო გაჟღენთილი. წამოდგომა სცადა, მაგრამ სამხედრო პოლიციის ხაკისფერფორმიანი მებრძოლის, პაატა ტაპატაძის შეძახილმა შეაყოვნა.
გოჩა ნაჭყებია და კარლო ლომთაძე.
- ნახე როგორ დაგიფარა ღმერთმა დათოია!.. - უთხრა პაატამ, თან გაშტერებით აკვირდებოდა მიწის ბელტებს შორის წვეტიანი ქვის მოზრდილ ნატეხს. - სულ ცოტა მარცხნივ და, მორჩა პირდაპირ თავზე დაგეცემოდა შეჩვენებული!
- ღმერთო ჩემო! - თავზე ხელი გადაისვა დათო თოდუამ, ცივმა ჟრუანტელმა დაუარა მთელს ტანში. გოჩას გახედა ცერად, რომელიც სიმწრისგან პულიმიოტს აწვალებდა ხელში.
დაბომბვის შემდეგ, სრული სიჩუმე ჩამოვარდა ერთი საათის განმავლობაში.
მაგრამ, მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ რაც მოხდა, ერთბაშად მოხდა ყველაფერი...
უჩხოზის მხარეს, სადაც მე-6 ბატალიონის საბრძოლო პოზიციები იყო განლაგებული, უეცრად გაისმა ავტომატებისა და ყუმბარმტყორცნების სროლის ხმა. უფრო ახლოს, აჩადარის რკინისგზის გაჩერებასთანაც ჯერ კანტი-კუნტი სროლები ისმოდა, შემდეგ ტყვიების სეტყვა წამოვიდა ერთბაშად ყველა მიმართულებით...
მიუხედავად ამისა გოჩა ნაჭყებია, დათო თოდუა, პაატა ტაპატაძე და მათი მცირე ჯგუფი ადგილიდან არ იძროადა...მათ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ებრძოლათ, რადგან ეს გზა ერთ-ერთი მთავარი, გუმისთა-ეშერის დამაკავშირებელი იყო და გადიოდა პირდაპირ ქალაქის გარეუბან შუქურასკენ...
მდინარე გუმისთის მარჯვენა მხარეს რუსებმა მოახერხეს მე-2 ბატალიონის საბრძოლო პოზიციების გარღვევა... ამაფხაზური მხარის ბანდიტურმა დაჯგუფებამ ამ მომენტით ისარგებლა და ქალაქის შესასვლელთან სამხედრო პოლიციის ბატალიონის მეომრებს ჩაუსაფრდა, გზა გადაუკეტა... გაიმართა საშინელი ხელჩართული ბრძოლა, სადაც ქართველთა მხრიდან ათზე მეტი მებრძოლი დაიღუპა და ოცდაათამდე დაიჭრა. დაღუპულთა შორის იყვნენ სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბერიძე, პაატა ვეკუა გულრიფშის ასმეთაურის მოადგილე, ამავე ასეულის ოცმეთაური მერაბ ჯიქია, თემურ გელანტია მებრძოლი, ლავრინენკო მებრძოლი, რამაზ ცაავა მებრძოლი... მძიმედ დაიჭრა შეიარაღების უფროსი, კაპიტანი გელა ჩუთლაშვილი (კახელო), გმიორულად დაღუპული ასმეთაურის, ლერი ქრდავას ცხედარი მე-2 დღეს იქნა ნაპოვნი რკინისგზის ლიანდაგებს შორის მატარებლის ქვევით...რკინისგზის ხიდის სიახლოვეს...
აფხაზური მხარის ბოევიკებმა ქალაქში შესასვლელი გზა, რომ ვერ იპოვეს, სხვა გზას დაუწყეს ძებნა და ჩაის პლანტაციებისაკენ წავიდნენ, ერთ-ერთ სომეხის სახლში მოაწყვეს შტაბი, რომელსაც რამდენიმე წუთში თავს დაესხა სამხედრო პოლიციელთა მცირე ჯგუი, ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილის, მამუკა მიქავას მეთაურობით. ხელჩართულ ბრძოლაში ავაზაკთა ბანდა ამოხოცეს, მაგრამ მამუკა მიქავა სასიკვდილოდ დაიჭრა, დაჭრილმა მოასწრო ხელყუმბარის გახსნა... ვაჟკაცურად გაიჭრა წინ და მისკენ გამოქანებულ შვიდ თუ რვა პირსისხლიან ნადირს გახსნილი ხელყუმბარა ცხვირპირში ატაკა... აფეთქების ტალღამ აფხაზების დაქირავებული მკვლელები ნაფლეთებად აქცია...
ღამის ბინდბუნდი ნელ-ნელა იცრიცებოდა, გაყინული სანგარის კედლებზე ერთი-მეორის მიყოლებით მიწოლილი, არაქათგამოცლილი სამხედრო პოლიციის მეომრები უხმოდ, უსიტყვოდ გასცქეროდნენ გუმისთისკენ მიმავალ გზას. სანგრის თავში პეტრე იჯდა გამსახურდია, ბატალიონის ვაჟკაცური აღნაგობის სნაიპერი. გვერდით მისი მეგობარი ყუმბარმტყორცნი, დათო თოდუა დევნილი ნადირივით აბრიალებდა თვალებს აქეთ-იქეთ. უკან გოჩა ნაჭყებია იჯდა თავის ტყვიამფრქვევთან ერთად. რატომღაც მწარე, ნაღვლიანი ღიმილი ეფინა მის კეთილშობილ, ვაჟკაცურ სახეს. მის გვერდით სახემოღუშული ორი მებრძოლი მოუსვენრად წრიალებდა.
უცებ სულ ახლოდან რუსული საუბარი მოესმათ... მერე ბუნდოვნად, მაგრამ მაინც გაარჩიეს ე.წ. ავგანკებში ჩაცმული, კარგად შეიარაღებული 6 თუ 7 კაცი. ბიჭები მოფარებულ ადგილას იყვნენ მოკალათებული და სწრაფად ამოიღეს მიზანში შვიდივე მტრის ბოევიკი.
- არ გაინძრეთ!.. თორემ გესვრით!.. - ერთდროულად გაისმა უცებ სანგრების თავზე ქართველ მებრძოლთა ბრძანება. მაგრამ მტრის ბოევიკებმა დანებების მაგიერ იარაღი გაიძრეს და ბუჩქებთან გაწვნენ, სროლა დაიწყეს...
წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. პეტრე გამსახურდიამ ბოევიკებს გახედა:
- ხელები ზევით-მეთქი! - და ტყვიის ჯერმა მათ წინ წივილით გადათხარა მიწა.
- უხ, თქვენი!.. - თავის ენაზე შეიგინა გადამთიელმა და ქართველებს ცალი თვალით გამოხედა. - თქვენ თვითონ დაყარეთ იარაღი ბარბაროსებო!..
გოლიათური აღნაგობის, დაქირავებული ბოევიკი გაბოროტებულ ნადირს გავდა, რომლისგანაც მოსადლოდნელი იყო ყოველნაირი ვერაგობა.
პეტრემ მარჯვენა ფეხზე მოარტყა გამაფრთხილებელი ტყვია გოლიათს.
სათვალეებიანი ხვიჩა გობეჯიშვილია, ბატალიონის მეთაური. ქვემოთ მარჯვნივ პირველი გოჩა ნაჭყებია. მის გვერდით გია კაკაჩია (მაიაკელი). ზევით ულვაშებიანი ჯონი დანგაძე - ბატალიონის დაზვერვის უფროსი. მის გვერდით კი ბატალიონის კავშირგაბმულობის უფროსი -------- ზედა რიგში, შუაში ალიკა ნარსიაა... მის გვერდით მომღიმარე ბიჭი ოდისეი პაპანდოპულოა...
- შენი დედაც!.. - ხაფანგში მოქცეული მხეცივით იღმუვლა გოლიათმა სიმწრისაგან და ქვაღორღიან მიწაზე მოცელილივით გაიშხლართა. დანარჩენები, როგორღაც ხოხვა-ხოხვით გაიშალნენ და სროლას უმატეს...
პეტრემ ამჟამად არ დაინდო ავაზაკთა ხროვა... ორი გასროლა და ორი ტრუპი... ზემოდან ბიჭებმაც დასცხეს... ცოცხლად გადარჩენილებმა სროლა-სროლით მოსახლეობის ეზოები გადათელეს და თვალის დახამხამებაში გაუჩინარდნენ...
გოჩა გაშტერებით უმზერდა გზის მარჯვენა მხარეს, სადაც მოულოდნელად თვალი მოჰკრა თავის ეშერელ მეგობარს, თამაზ მირცხულავას, რომელიც თეთრი არწივის შემადგენლობაში გაგრის ბრძოლებში მონაწილეობდა, თანამებრძოლებს დაჭრილი გამოყავდათ, მკერდში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი...
- არა! არა! ეს შეუძლებელია! - გოჩა გულწრფელად შეწუხდა, როცა დაჭრილი მეგობარი ბიჭი ასეთ მდგომარეობაში ნახა.
უცებ ეშერელი ბიჭის გაფითრებული სახე გადმოიხარა მისკენ, აკანკალებული, სისხლიანი თითები მის სამხედრო ქურთუკზე შეეხო.
- გოჩა!..
- ჰო, მე ვარ!.. ნუ გეშინია თამაზ ეხლა უკვე სამშვიდობოს ხარ, ბიჭები გაგიყვანენ და ყველაფერი კარგად იქნება. - უთხრა გოჩამ, თან გაშტერებით აკვირდებოდა მეგობრის სახის ნაკვთებს. - სულ ერთ მილიმეტრზე მარცხნივ და, მორჩა პირდაპირ გულში გაგიჯენდა შეჩვენებული!
- მართლა?.. მე კი მეგონა შემთხვევით მომხვდა... - და სოხუმელ მეგობარს მიაპყრო ჩალურჯებული თვალები, რომელიც სიმწრისგან ავტომატს ატრიალებდა ხელში.. - ომმა შეცდომების პატიება არ იცის, ბრატ! მეომარს ასი თვალი და ასი ყური უნდა ჰქონდეს, ჩემო გოჩა, მაგრამ, როცა დაჭრილი თანამებრძოლი გამოგყავს ბრძოლის ველიდან... მერაბი სად წაიყვანეს? - წამოიძახა უეცრად, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანამ უხმაუროდ ჩაიქროლა მის თვალწინ.
- სასწრაფო დახმარების მანქანაშია, ნუ გეშინია, კარგად არის. - უთხრეს თანამებრძოლებმა. გოჩამ მისი ხელი აიღო, შემდეგ დაცხრილულ მკერდზე დახედა და მის უკან მდგარ ახალგაზრდა მებრძოლს გახედა. - რომელ მერაბზე ამბობს?
- თქვენი ბატალიონიდან, მაჭარკელი ოცმეთაური, პაატა ვეკუას ასეულიდან, მერაბ ჯიქია დაჭრეს... ამან გამოყვანა სცადა, მაგრამ სნაიპერმა...
დაჭრილი ბიჭი მძიმედ სუნთქავდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მან წყნარად წაიჩურჩულა: - მერაბი წაიყვანეს?
- კი, თამაზ.
იგი ერთ ხანს ჩუმად იყო, შემდეგ ისევ იკითხა, თითქოს რაღაცის გამორკვევა სურსო.
- ხომ კარგად არის?
- ჰო თამაზ, კარგად არის. - თანამებრძოლებს დაასწრო გოჩამ. - მერაბი ჯიქია ჩემი ბავშვობის მეგობარია, სოხუმის ბავშვთა და მოზარდ სპორტულ სკოლაში სავარჯიშოდ დავდიოდით ერთად. ყველაფერი კარგად იქნება ბიჭო, ნუ გეშინია.
- არა, არ მეშინია გოჩა... - ძლივს წაიჩურჩულა დაჭრილმა ბიჭმა, თამაზ მირცხულავამ. - უბრალოდ მცივა, მაგრად მცივაა... ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები... იგი დაიღუპა.
გამთენიისას სამხედრო პოლიციის სადესანტო მანქანას ჭურვი მოხვდა, გოჩა ნაჭყებიას თქმით, ბიჭებმა სწრაფად გახსნეს მანქანის სადესანტო ლუქი, დენთის, ოფლის, გატრუსული ხორცის და ბიჭების მოგუდული წუხილის ხმა მოისმოდა შიგნიდან. დაჭრილი იყო თითქმის ყველა, თერთმეტივე სპეცრაზმელი.
დგანან: მარცხნიდან პირველი, ავტომატით ხელში-გოჩა ლაღაძე ( დაღუპულია ). მარჯვნიდან პირველი გოჩა ნაჭყებია, მის გვერდით უკრაინელი, ბატალიონის დაზვერვის უფროსის მოადგილე, ქვევით პირველი მარჯვნიდან მეკავშირე სოხუმელი რუსი მებრძოლი, იგორი ერქვა პრილინსკი, მისგან მარჯვნივ გოგუა მახო (დაღუპულია)... სულ ქვემოთ ავტომატიანი-გოჩა ლაღაძის ძმა- ხვიჩა ლაღაძეა.
- დავღუპე ბავშვები!... - გატანჯული სპეცრაზმის მეთაური გია გოგუა სიმწრისგან ადგილს ვერ პოულობდა.
თითქოს ეს არ კმაროდა. სასწრაფო დახმარების მანქანას, სადაც დაჭრილი სპეცრაზმელები გადაიყვანეს ჭურვი მოხვდა და მეთაური გია გოგუაც მძიმედ დაიჭრა...
გოჩა ნაჭყებიას თქმით, სამხედრო პოლიციის სოხუმის ბატალიონის სამედიცინო მომსახურების მეომრებმა საველე ლაზარეთის პირობებში ბევრი სიცოცხლე იხსნეს, დიმა მიმინოშვილი,მერაბ ქავთარაძე, გია წურწუმია (რომელიც თავად დაიჭრა მძიმედ). გულრიფშელი რუსი ქალი, საოცრად გამბედავი ოლია, ( სამწუხაროდ გვარი არ ახსოვთ მებრძოლებს) ხოხვით მიდიოდა დაჭრილებთან და პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა მათ... სამხედრო პოლიციის ახალგაზრდა მეომრებს, საოცრად გაბედული ექთანი ქალის ბუნებრივი სიმშვენიერე და თავდაჯერებული, მამაცური ქცევა ხიბლავდა.
ქართველ მეომრებთან ერთად, ძნელად მისასვლელ ადგილებში, საშინლად დასახიჩრებულ მტრის ბოევიკთა უსულო გვამებიც ეყარა. ზოგი ჯერ კიდევ ცოცხალი უპატრონოდ მიგდებული ფართხალებდა და მათი სისხლის შხეფები ქართულ მიწაზე იღვრებოდა...
მოგვიანებით სამხედრო პოლიციელებს ახალი ძალა შეუერთდა და ცოტა ხანში ახალი რაიონის მთელი ტერიტორია მათ კონტროლს დაექვემდებარა...