ზურაბ ნაჭყებია სერგოს ძე უფროსი სერჟანტი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ.
ცხინვალში, დაჭრილების გამოყვანისას სასიკვდილოდ დაიჭრა რუსული კასეტური ბომბით. ზურაბ ნაჭყებიას ბოლო კონტაქტი ოჯახთან 8 აგვისტოს ჰქონდა, ამის მერე მისი ხმა არავის გაუგონია. მეუღლე ამაოდ ელოდა, რომ დაურეკავდა და ისევ დაამშვიდებდა, „ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო“. ზურაბ ნაჭყებიას იმ დღეებში შვილიშვილი შეეძინა, რამდენჯერმე ნახა, მერე ომიც დაიწყო, ახალგაზრდა ბაბუა გმირულად დაეცა ცხინვალში.
მზევინარ შეყილაშვილი, მეუღლე: „ბოლოს რომ დამირეკა, მითხრა: „ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო“. თავს მიხედე-მეთქი. ბოლოს 8 აგვისტოს დილით ველაპარაკე, მას მერე სულ ვრეკავდი, გადიოდა, მაგრამ არ მპასუხობდა. მეორე დღეს გავიგე, სამხედრო კომისარიატს რომ ვეძებდი, მითხრეს, რომ დაჭრილები გამოჰყავდაო, ამბობდა: „აქ ხომ არ დავტოვებთო“ და შესულა. ცხინვალში, ნაძვნართან, დაჭრილების გამოყვანისას დაიღუპა ჩემი მეუღლე. კასეტური ბომბი ჩამოვარდა და იქვე გარდაიცვალა ზურა.
დღესაც ჩამესმის მისი სიტყვები: „ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო“ – რაც აფხაზეთიდან გადმოვედით, მას მერე სულ სამხედრო სამსახურში იყო. ჯერ ბათუმში 25-ე ბრიგადაში, მერე სენაკში და ბოლოს ვაზიანში მსახურობდა. მეოთხე ბრიგადაში იყო. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ და ომი და დაძაბული სიტუაციები, ჩვენთვის ნაცნობია. იქ გადავრჩით, მშვიდობით გადმოვედით, აქ კი.... დნმ-ის ანალიზი ჩაუტარეს პატარა გოგოს და ამით გაირკვა ყველაფერი. მუხათგვერდის სასაფლაოზე დავტოვეთ, რადგან თავის თანამებრძოლებთან ერთად დაიღუპა, გვერჩივნა ისევ მათთან ერთად ყოფილიყო“.
ზურაბ ნაჭყებია 1964 წლის 26 დეკემბერს დაიბადა. აფხაზეთის ომგამოვლილი, ისევ რუსულმა აგრესიამ იმსხვერპლა. სულით მებრძოლი, სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. 2 ქალიშვილი დარჩა - ნინი და ნანა. დღეს ისინი მამის სახელით ამაყობენ, ისევე, როგორც პატარა შვილიშვილი იამაყებს, ბაბუის თავგანწირვით, როცა გაიზრდება.