გურამ ვლადიმერის ძე გურგენიძე (დ. 30 ნოემბერი, 1929, თბილისი, — გ. 7 იანვარი, 2003, იქვე) — ქართველი ექიმი, ალერგოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1996). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1995).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1954). 1963–1974 წლებში იყო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი და ალერგოლოგიის კურსის ხელმძღვანელი; 1974 წლიდან — იყო მისივე თაოსნობით სსრკ-ში პირველად ჩამოყალიბებული ალერგოლოგიის კათედრის, ხოლო 1978 წლიდან — ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ალერგოლოგიის განყოფილების გამგე და რესპუბლიკის ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი;
1975–1986 წლებში — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი პრორექტორი სასწავლო დარგში; 1970–1980 წლებში — თბილისის ალერგოლოგთა ასოციაციის, ხოლო 1980 წლიდან — საქართველოს ალერგოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე; 1990 წლიდან — საქართველოს ალერგოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. აქვს შრომები ალერგიულ დაავადებათა ეტიოპათოგენეზის, კლინიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის, ბრონქული ასთმის ცალკეული კლინიკური ფორმის იმუნოლოგიური თავისებურებების და მკურნალობის მეთოდების შესახებ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).