გრიგოლ გრიგოლის ძე გიორგაძე (დ. 28 ივლისი, 1927, ქუთაისი — გ. 2 აპრილი, 2005, თბილისი) ქართველი ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993) დაიბადა ქუთაისში 1927 წელს.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი (1991), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე (1988–იდან). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ასირიოლოგიის კათედრის გამგე (1991–იდან).ქართული ენციკლოპედიის რედაქციის ძველი ისტორიისა და რელიგიის სამეცნიერო–საკონსულტაციო სექციის თავმჯდომარე.
მუშაობდა ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში, კერძოდ,ხეთოლოგიის და მომიჯნავე დარგებში. გიორგაძის სამეცნიერო შრომები ეძღვნება ძირითადად ხეთების სახელმწიფო სოციალურ–ეკონომიკური ისტორიის, სახელმწიფოებრივი წყობის, მათი პოლიტიკური და ეთნიკური ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის, სამართლის საკითხებს. იკვლევდა ხეთურ და ქართველურ ენათა, ხეთური და ძველ ქართული რელიგიური პანთეონის, ხეთებისა და ქართველურ ტომთა კულტურული ურთიერთობის საკითხებს.