სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
კაპანაძე ლავრენტი ონისიმეს ძე მართლმადიდებელი მღვდელი 1909-1917 წწ ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. ჭიათურა კაპანაძე ლავრენტი ონისიმეს ძე მართლმადიდებელი მღვდელი 1909-1917 წწ ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. ჭიათურა
ბმულის კოპირება



გვარი კაპანაძე სია

ჭიათურა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

343       ბეჭდვა

კაპანაძე ლავრენტი ონისიმეს ძე მართლმადიდებელი მღვდელი 1909-1917 წწ ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. ჭიათურა

წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია 

1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.

კაპანაძე ლავრენტი ონისიმეს ძე 1909-1917 წწ ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. ჭიათურა



მე ვარ მიტროპოლიტი ნაზარი და ისე მაწამებენ, როგორც ქრისტე აწამეს მოხსენიებულია სტატიაში

მიტროპოლიტ ნაზარის უკანასკნელი დღეები

სამიტროპოლიტოდან მოსულ სტუმრებს ადგილობრივები სადგურზე დახვდნენ - სამრევლო საბჭოს წევრებიც და ახლომახლო სოფლებში მცხოვრები თუ მოღვაწე მღვდლებიც. როდიონოულის ეკლესიის მღვდელი იღუმენი დომენტი გიორგაძეა, სიმონეთელი, ადრე ჯრუჭის მონასტერში იყო აღკვეცილი ბერად; პოლიევქტო ვარდოსანიძე ობჩელია, სიმონ მჭედლიძე - სვირელი. სხვებიც ჩამოვთვალოთ, დამხვდურებიცა და მოსულნიც: დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, ირაკლი გიორგაძე, კირილე ბოჭორიშვილი, ლავრენტი კაპანაძე, დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, იეროთეოზ ნიკოლაძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე, დიაკონი სვანიძე, ადგილობრივი დიაკონი გიორგი საცერაძე, თავად ნაზარი, რა თქმა უნდა, და მისი ძმისშვილები - 17 წლის ნიკოლოზი, უფროსი ძმის, ისიდორეს ვაჟი, რომელიც, ერთი წელი თუ იქნება, რაც მამასთან ერთად დაბრუნდა იტალიიდან და ბათუმში დასახლდა, და 15 წლის არჩილი - ნაზარის მომდევნო ძმის ბენედიქტეს შვილი.


რიონში დიდხანს მოუხდათ ლოდინი და გადაშუადღებული იქნებოდა, სვირს რომ მიაღწიეს. ფეხით გამოუყვნენ გზას როდინოულისკენ.


საოცარია, სამღვდელოთა ამ საყოველთაო დევნისა და შევიწროების ჟამს როგორ გამორჩა ერთად თავმოყრილი ამდენი ანაფორიანი სვირის რაიაღმასკომსა და რაიმილიციას (იმ დროს სვირის რაიონიც არსებობდა), რომელთაც იქვე ერთი ხელის გაწვდენაზე ჰქონდათ ბინა - სადგურის წინ.


სოფელში ამოსული სტუმრები ოჯახებში გაანაწილეს. პოლიევქტო ვარდოსანიძემ მოყვრებს მიაშურა, თავისი ცოლისძმის, მამა იონა ცხადაძის ოჯახში მოისვენა.


გრიგოლ ჩუბინიძემ სამი კაცი წაიყვანა, დანარჩენები კი მათე (მათინა) ჩუბინიძისას დააბინავა. ცოტა წიახემსეს და ჩრდილში დაისვენეს. დიასახლისმა ხილი მოართვა სტუმრებს.


...მეუფე ნაზარი მუხის ჩრდილში იჯდა და ეკლესიას გაჰყურებდა... ვინ იცის, რამდენ ხანს გაჰყვებოდა ეს სიხარული ან ხვალ რას მოიმოქმედებდა ხელისუფლება, რომელი ტაძრის ჯერი დადგებოდა. საკათედრო ტაძარს არქეოლოგიური მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფო ნუსხაში არ არის შეტანილი და უნდა დავანგრიოთო. მართლაც დაანგრიეს. არც ეს ეკლესიაა "არქეოლოგიური" მნიშვნელობისა, მაგრამ მაინც დაუბრუნეს მრევლს. კარგია, გასახარია, მაგრამ ვინ იცის, როდის დაივიწყებენ თავის სიტყვას - იქნებ ხვალ-ზეგ ჯვარი ჩამოაგდონ, მერე მოადგნენ და ქვა ქვაზე აღარ დატოვონ.


მადლობა უფალს - ეკლესიის საკურთხებლად ამოვიდა ამისთანა დროში. მრევლიც კარგი ჰყავთ, მაგრამ საწყენია - ახალგაზრდები არ ჩანან...


თავადაც არ სურს დაიჯეროს, მაგრამ ის დამხვდური ხალხიც, ვინც საყდრის გალავანთან შეეგება მიტროპოლიტს, გაორებული ეჩვენა. ზოგი მოწიწებით ემთხვეოდა ხელზე, კურთხევას სთხოვდა, ზოგიც ორჭოფობდა. იდგნენ, ვერც მიახლოებას ბედავდნენ.


საბჭოს აივანზე ოცდაათიოდე წლის საშუალო სიმაღლის კაცი იდგა და კუშტად გადმოსცქეროდა ხალხს.


- მათე, ის კაცი ვინ არის? - იკითხა მიტროპოლიტმა.


- თემის საბჭოს თავმჯდომარეა, სერაპიონ ხაჭაპურიძე.


- აქაურია?


- არა, ჩუნეშელი გახლავთ...


- თავმჯდომარე?! - გაიკვირვა ბესარიონ კუხიანიძემ.


- კი, თავმჯდომარე!..


- ისე იყურება, იმისთანა ტანი და იერი აქვს, ფეშტემლით რომ მენახა, კალატოზი მეგონებოდა! - ივარაუდა მამა ბესარიონმა.


- მართალი ბრძანდებით, მამა ბესარიონ, კალატოზია... კალატოზი იყო, სანამ მაუზერს მოჰკიდებდა ხელს... ახლა დანგრევაში ტოლი არ ჰყავს, ტრაპეზი მაგან მოაშლევინა...


- ხომ ვთქვი?! - თავისი მიხვედრილობა გაუხარდა ბესარიონს და სიმონ მჭედლიძეს მიუბრუნდა.


მიტროპოლიტს ეკლესიის კურთხევაზე ყველა მღვდელი და დიაკვანი ეხმარებოდა. მეუფე ნაზარი შთაგონებით ქადაგებდა.


თუმც ხელისუფლება არც ავად უხსენებია, არც კარგად, მაგრამ კარგი გამგონე კარგ მთქმელს ისეც მიუხვდებოდა. სარწმუნოება განსაცდელშიაო, - ამბობდა მიტროპოლიტი და უნდა გეგულისხმა, ვინც ჩააგდო განსაცდელში.


"მე, თქვენს მწყემსმთავარს, მახარებს, რომ ამდენს გხედავთ აქ და გთხოვთ, ასე იაროთ ყოველთვის თქვენ და თქვენმა მეთაურმა კაცებმა. შეძელით და აღადგინეთ ეს ეკლესია, ეს ღვთის სახლი... გიყვარდეთ ღმერთი თქვენი და იგი არ მიგატოვებთ, ამ განსაცდელსაც დაძლევთ.


ნუ შეგაშინებთ გაჭირვება. საქართველოს ერი წარსულშიც იყო ტანჯული, მას ყოველი მხრიდან ჰყოლია მტერი, მაგრამ მაინც შეინახა თავისი ქრისტიანული სარწმუნოებაო", - ამბობდა და კარგი გამგონისათვის ცხადზე უცხადესი იყო ეს პარალელი, თუმცა კარგი გამგონე მტერიც შეიძლებოდა ყოფილიყო და მოყვარეც...


სერაპიონ ხაჭაპურიძე ეკლესიაში არ შესულა. საყდრის განახლების ნებართვა ხელისუფლებამ გასცა და იგი კურთხევას ვერ აკრძალავდა. თუმცა იმასაც ჰყავდა იქ თავისი ხალხი, სიტყვასიტყვით რომ ჩაუკაკლავდნენ, თუUრამ საეჭვო და სახიფათო ითქმებოდა.


- პაჭიკო, მოდი აქ! - დაუძახა ერთს, გარეთ რომ გამოსულიყო და ყორის ქვაზე იჯდა მუხის ძირში.


პაჭიკო მივიდა.


- რა ამბავია იქ? - თავის გადაქნევით ანიშნა.


- ო, მაგენი გამაწყვეტინა ერთ დღეს!.. არ მომწონს, ამხანაგო სერაპიონ, ეს ამბავი...


- მოგვწონს, არ მოგვწონს, ჩვენ არავინ გვეკითხება მაგას, მთავრობის ნებართვა აქვთ ეკლესიის დაბრუნებაზე...


- დაბრუნებაზე კი, მარა ეს ამდენი ანაფორიანი რომ მოგროვდა ერთად, ის თუ იცის მთავრობამ?


- ვერ გეტყვი, მაგრამ შევიტყობთ მაგასაც. ახლა ჩვენი ამოცანა რა არის? - არაფერი გამოგვრჩეს, თუ რამე დააპირონ, თუ რამე თქვან, და სვირის რაიაღმასკომს ვაცნობოთ.


აცნობეს.


მეორე დღეს, 3 აგვისტოს, სვირის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის წევრი ამბერკი ჯუღელი ოქმს შეადგენს, რომ უცნობმა პირმა მას გადასცა ბარათი, როდინოულში, ერთ ოჯახში მღვდლები იკრიბებიან და აგიტაციას ეწევიანო.


ამბერკი მეორესვირელი კაცია, ამიტომ, ალბათ, მართლა არ იცნობს იმ "უცნობ პირს", მაგრამ სოფელში კი ეჭვობენ ერთ-ერთზე და მერე ეს ეჭვი თაობებს გადაეცემა.


გვიან, როცა ერთი მათგანი თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს, მოურჩენელი სენით გატანჯული, იტყვიან, ცოდვამ უწიაო და ამას ის ხალხიც გაიმეორებს, მორწმუნისა რომ თითქმის არაფერი სცხია.


რაიმილიციის უფროსი ბახტაძე შვებულებაშია, უფროსი მილიციელი ბარნაბა მაღლაკელიძე ასრულებს მის მოვალეობას. ამ დროს ისიც არ აღმოჩნდა ადგილზე. სახლში მოაძებნინა ამბერკი ჯუღელმა მორიგე მილიციელებს და მოაყვანინა. ბარნაბამ რამდენიმე კაცი იახლა და წავიდა. ამასობაში შუაღამემაც მოაწია.


მღვდლებმა და სამრევლო საბჭოს წევრებმა მათინასას ივახშმეს და საუბარს შეჰყვნენ. დასამალი არაფერი იყო, უცხო და უნდო არავინ ერიათ და ისეთი რამეც თქვეს, რასაც საჯაროდ ვერ გააცხადებდნენ... პოლიევქტო ვარდოსანიძემ ადგილობრივი დიაკვანი გიორგი საცერაძე დაიმგზავრა და ცოლისძმისას ავიდა. გრიგოლ ჩუბინიძემ სამი მღვდელი გადაიყვანა თავისას და, ვიდრე დაიძინებდნენ, იქ გააგრძელეს საუბარი. მათინამ დარჩენილი მღვდლები შეიქცია სუფრასთან. ბესარიონ კუხიანიძეს ოთახში აღარ მოუთმინა გულმა, მასპინძელს აივანზე გამოატანინა ღვინო და გლეხებს ჩაუჯდა.


ბარნაბა მაღლაკელიძემ ჯერ ხაჭაპურიძე მოძებნა. რომ გაიგო, რამოდენა კრებული ამოსულიყო სოფელში, სიბრაზემ აიტანა, როგორ გამომრჩა, როგორ ვერ შევიტყვე, ამდენი ნაფორიანი თუ ჩამოვიდა სვირის სადგურზეო.


წყნარი, ბნელი ღამე იყო. უკანა მხრიდან მოუარეს მათინას სახლს და მიაყურადეს. ვერ ვიტყვით, რა გაიგონეს და არა - ვერა.


მოყურადეებს მეტი სამხილი აღარ სჭირდებოდათ, აივანზე ავიდნენ და კარის გაღება მოითხოვეს.


ბ. მაღლაკელიძე: "ჯერ საბჭოს თავმჯდომარესთან წავედი. იგი წამომყვა. იცოდა, სადაც იქნებოდნენ. გარედან მივაყურადეთ მათინა ჩუბინიძის სახლს. იქ იყვნენ მღვდლები და რამდენიმე უხუცესი. ლაპარაკობდნენ - "კომპარტია არისო მასების დამღუპველი, რომ იგი უკარგავს კაცობრიობას სარწმუნოებას და აბრმავებსო მათ". ზიზღით მოიხსენიებდნენ პარტიის ლიდერებს. ვერ მოვითმინეთ და კარის გაღება მოვითხოვეთ. ამ დროს გაიპარნენ მღვდელი კირილე ბოჭორიშვილი და რამდენიმე კაცი".


ბარნაბა და სერაპიონი ნაზარს შეუცვივდნენ ოთახში და განუცხადეს - დაპატიმრებული ხარო.


ნაზარმა მანდატი მოითხოვა. ესენი იარაღს უტრიალებენ, უდიდესი სიტყვებით ლანძღავენ. სერაპიონმა საბანი გადახადა მიტროპოლიტს და უბრძანა - ადექიო. იგი არ დაემორჩილა.


გამობრუნდნენ და თავშეყრილი მღვდლების დაპატიმრება გადაწყვიტეს. ყველა სოფლის საბჭოში გადაიყვანეს. აურზაურმა კუთხე გამოაფხიზლა, ბევრმა გაიგონა ხმაური და ეკლესიას მიაშურა.


მათინას ოჯახში გრიგოლ ჩუბინიძის და დომნიკაცაა, დიასახლისს ეხმარება სტუმრების გამასპინძლებაში. აურზაური რომ ატყდა, გაიქცა და ძმას შეატყობინა - მიტროპოლიტს აპატიმრებენო. გრიგოლი მაშინვე წამოვიდა და, რაღა თქმა უნდა, სტუმარი მღვდლებიც გამოჰყვნენ.


- რაშია საქმე, ბარნაბა, რას აკეთებ, ღმერთს რას ეუბნები?! - შეპასუხება სცადა გრიგოლმა.


- დააპატიმრეთ! - პასუხის სანაცვლოდ მოჭრა ბარნაბამ და გრიგოლსაც ხელები გაუკავეს. ამ განუკითხაობას მარტო ვერ შეებრძოლებოდა გრიგოლი და კალისტრატე ჩუბინიძეს დაუძახა - ახლავე წადი და ილია ბოჭორიძეს და კოლია ვარდოსანიძეს გააგებინე ყველაფერიო.


ვარლამ ჩუბინიძე: "სახლში გავიგონე ხმა და გადავედი. მილიციელი ბურჯანაძე თხოვდა ვიღაცა მღვდელს, ამდგარიყო და გაყოლოდა. მღვდლები სამმართველოში იყვნენ და მილიციელებს თხოვდნენ, ბაწრით გადაგვაბით ერთმანეთსო. მილიციელები აგონებდნენ, საბჭოთა ხელისუფლების დროს კაცს ბაწარი არ ჭირდება, თუ ის კეთილი სულით არის განწყობილი ხელისუფლებასთანო.


სვირელი მღვდელი ბოჭორიშვილი კი ვნახე ყანაშიდ დაწოლილი. ჯერ ნადირი მეგონა, არც ვიცოდი, ვინ იყო, მერე მითხრეს..."


მღვდლები შიშობენ ალბათ რომ გზაზევე ცალ-ცალკე ამოწყვეტენ მათ სვირში ჩაყვანამდე. დომენტი გიორგაძე ამბობს, - ბოლოსდაბოლოს, ხელისუფლებაა, რას გვიზამენ, გავყვეთო, მაგრამ მაინც ვერ ენდობოდნენ და ბაწრით ერთმანეთზე გადაბმას ითხოვდნენ. ერთმანეთზე თოკებით გადაბმულ ათ კაცს გაქცევის ცდას ვერავინ დააბრალებს, ვერ ესვრიან და მშვიდობიანად ჩავლენ სვირამდე.


ერთი გლეხი წუხს, - რას ამბობთ, ხალხო, ბაწარი თქვენთვის კი არა, საქონლისთვის არ მაქვსო. ბარნაბა და სერაპიონი მათინას სახლში დაბრუნდნენ და მეუფე ნაზარი ძალად ააყენეს სარეცლიდან, თან წითელი მელნით ნაწერი რაღაც ქაღალდი აჩვენეს.


მიტროპოლიტი საცვლების ამარა გამოიყვანეს ეზოში. ცალი ფეხსაცმელი ძალით ჩააცვეს, მეორე მილიციელს მოჰქონდა ხელით. რომელიღაცამ ხელი წაატანა წმინდა ნაზარს ფეხსაცმლის ჩასაცმელად.


- გასწი შენი ჭუჭყიანი ხელიო! - უყვირა მან და ესეც ბრალად დასდეს, "ჭუჭყიანი ხელი" რატომ აკადრე ხელისუფლების წარმომადგენელსო.


ურემი მოიყვანეს და ზედ დასვეს. მრევლი შეშინებული და გაოგნებულია, ძალა არ შესწევს, მილიციას ხელი შეუშალოს. ეგ კი არადა, ზოგიერთი ეხმარება კიდეც.


თოკჩაბმული მღვდლები წინდაწინ წაიყვანეს, ნაზარის ძმისშვილებიც - მათთან ერთად. მიტროპოლიტი ურემზე დააწვინეს, ზედ ავაზაკივით დააკრეს თოკებით და ისიც გზას გაუყენეს. რამდენიმე ახალგაზრდა არ ეშვება, ჩხვლეტენ, აწამებენ გაკოჭილ მწყემსმთავარს...


- მე ვარ მიტროპოლიტი ნაზარი და ისე მაწამებენ, როგორც ქრისტე აწამესო.


მილიციელები ვერ ხვდებიან და თავისებურად "თარგმნიან" - მე ვარ იესო ქრისტე ნაზარი და წამებული უნდა შევიქნე ჭუჭყიანი მთავრობის ხელითო.


იონა ცხადაძის სახლთან გააჩერეს ურემი და ოჯახის უფროსი მოიკითხეს. პოლიევქტო ვარდოსანიძე გამოიყვანეს და ისიც დააპატიმრეს, ურემზე დაუსვეს მეუფე ნაზარს.


ასე ურმის ჯაჯგუნით ჩაიყვანეს სვირამდე.


ბარნაბამ გლეხებს უბრძანა, ურმიდან ჩამოეყვანათ მეუფე ნაზარი, მაგრამ მათ ხელი არ მიაკარეს მიტროპოლიტს.


- მეტი რაღა გინდათ, ხომ ჩამოგაყვანინეთ აქამდე, არც ეგ იყო ჩვენი საქმეო, - ვარლამ ჩუბინიძე შეეპასუხა და ისევ მილიციელებმა ახსნეს თოკები.


- ამათ სინდისი აწუხებთ, თქვენ უსინდისოები ყოფილხართო, - უთხრა ტყვედქმნილმა მიტროპოლიტმა.


რაიაღმასკომის შენობის პირველ სართულზე გამოკეტეს ყველა. მეუფე ნაზარი დილამდე ისევ საცვლების ამარა დატოვეს საკანში, მხოლოდ დილით მოითხოვა დომენტი გიორგაძემ მისი ტანსაცმელი და შემოსა.


დილით ამბერკი ჯუღელმა პირველი ბარნაბა დაკითხა:


"ნაზარის კერძო ოთახში რომ შევედით, ის მშვიდად იწვა და მოითხოვდა, დაგვეტოვებინა იქაურობა. თქვენი ჭუჭყიანი ხელი არ მომაკაროთ, კომუნისტები ქვეყნის დამქცევები ხართ, თქვენ ხართ განდევნილი კაცობრიობისგანო... ძალად გამოვიყვანეთ, რაკი ხვეწნით არ გამოვიდა. გამოყვანის დროს მღვდლები ამიმხედრდნენ, მოგროვილ გლეხებს მოუწოდებდნენ. ისინიც ეცადნენ მღვდლების დაცვას, მაგრამ რამდენიმე შეგნებული გლეხის დახმარებით შევძელით ხალხის დამშვიდება. მერე მღვდლებიც დაწყნარდნენ და ასე გამოვგზავნეთ სვირში.


ის კაცი, ჩუბინიძისას რომ იყო, არ ვიცი ვინაა - მღვდელი, ბერი თუ სხვა, რადგან თვითონ არ უთქვამს".


სერაპიონ ხაჭაპურიძე: ყველაფერში ვეთანხმები ბარნაბ მაღლაკელიძეს და დავუმატებ, რომ ეს მღვდლები ეკლესიის კურთხევისთვის კი არა, საბჭოთა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ შეიკრიბნენ. მე ეს ცნობა მომივიდა ჩემი საიდუმლო პირის საშუალებით. ისინი უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. ამას მოვითხოვ როგორც კომუნისტი და ჩემთან ერთად - სოფლის ახალგაზრდობაო" (როდის მოასწრო მთელი სოფლის ახალგაზრობასთან დათათბირება?).


მერე ორი გლეხი დაკითხა ამბერკი ჯუღელმა - კოტე კობახიძე და ვარლამ ჩუბინიძე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახა ნაზარი.


"დაკითხულმა მღვდელმა ნაზარ ანდროს ძე ლეჟავამ, 56 წლის, პასუხის გებაშიდ ნამყოფია სამძღვარ გარეთ მემორანდუმის გაგზავნის შესახებ და სხვა ასეთი, აჩვენა შემდეგი:


2 აგვისტოს მე წამოვედი ჩემი კრებულით როდინოულის თემში, თანახმად მათი თხოვნებისა, საწირავად და ეკლესიის საკურთხებლად. ბინა ჩუბინიძისას მიმიჩინეს. შაბათს, ამავე დღეს, შევასრულე ლოცვა ეკლესიაშიდ. შემდეგ ვახშმობას მათე ჩუბინიძის ოჯახში დაესწრნენ ადგილობრივი მღვდლები: პოლიევქტო ვარდოსანიძე, სიმონ მჭედლიძე, იღუმენი დომენტი გიორგაძე, დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, ირაკლი გიორგაძე; ჩემი მხლებლები: დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, ირეოთეოზ ნიკოლაძე, პროტოდიაკონი ბესარიონ კუხიანიძე, დიაკონი სვანიძე, აგრეთვე ჩემი ძმისშვილები, მოწაფეები 17 წლის და 15 წლის... (კირილე ბოჭორიშვილსა და ლავრენტი კაპანაძეს არ ახსენებს. ან ვერ იგონებს, ან იმიტომ, რომ ისინი დაპატიმრებული არ არიან, გაქცევა მოახერხეს. გვიან, როცა ნაზარი უკვე ქუთაისშია, სვირის რაიმილიცია აცნობებს ქუთაისს, - აქ ორი მღვდელი გაქცეულა, სადგურზე უნახავთ და ნაზარი დაკითხეთ მათი ვინაობის თაობაზეო).


ღამის 12 საათი იქნებოდა, მეძინა. შემოცვივდნენ მილიციელები. მე ვაჩვენე მანდატი, მაგრამ არ მიაქციეს ყურადღება. მეც მოვითხოვე. მათ არ მაჩვენეს - ჩვენთვის არ არის საჭიროო. წავიდნენ და უფრო დიდი ძალით რომ მობრუნდნენ, ღამის პირველი საათი იქნებოდა. მაჩვენეს წითელი მელნით ნაწერი რაღაც ქაღალდი. ეწერა, მღვდლები დააპატიმრეთო, მაგრამ რატომ და რისთვის, - არა, არც მე ვიყავი ნახსენები.


უდიერად გამომიყვანეს გარეთ, დამაწვინეს ურემზე, საცვლების ამარა, როგორც ავაზაკი, გამიკოჭეს ხელები და წამომიყვანეს ურმის ძაძგუნით სვირში.

ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი"


ნაზარი არ ამბობს, უფრო სწორად, ალბათ ამბობს კიდეც, მაგრამ ოქმში არ წერენ, ხარდნებით რომ აქვს დაჩხვლეტილ-დალურჯებული სხეული.


არადა, გამოძიებას ყველაფერი აინტერესებს, მისი ბედის გარდა:


"- ვინ მოგიწვიათ?


- რწმუნებულთა სამრევლო საბჭოს წევრებმა, ადგილობრივმა მღვდელმა.


- წარმოგვიდგინეს საამისოდ ქაღალდი?


- ის, რაც აქვს მღვდელ გიორგაძეს.


- რატომ მოგიწვიეს?


- ეკლესიის კურთხევისა და კვირის წირვის ჩასატარებლად.


- ადრე თუ იყო ნაკურთხი ეს ეკლესია მიტროპოლიტის მიერ?


- იყო.


- მაშ, რაღა საჭიროა?


- საეკლესიო კანონით, როცა ინგრევა ტრაპეზი, საჭიროა შესრულდეს ეკლესიის კურთხევის სრული წესი.


- ვისი ხარჯით ჩამოდით?


- მორწმუნეთა ხარჯით.


- მაშინვე გადმოგცეს ფული თუ შემდეგისთვის შეგპირდნენ?


- მაშინვე გადმომცეს ხუთი მანეთი.


- გითხრეს, ვისგან აკრიბეს?


- არ ვიცოდი...


- სხვაგან თუ გააგზავნეთ ცნობები, რომ მღვდლები დაგსწრებოდნენ?


- მე არა, ადგილობრივ სამრევლო საბჭოს გაუგზავნია.


- თუ იცოდით, სვირის რაონში არსებობდა რაიმე ხელისუფლება?


- არ ვიცოდი.


- რამდენი მღვდელი იყო საჭირო ეკლესიის კურთხევისას?


- არა ნაკლებ ექვსისა საკურთხეველში, სამი კიდევ მგალობელი, საცეცხლურის მომცემი და წიგნის დამკავებელი. იმაში, რომ ხელისუფლებას არ შევატყობინე ჩემი მოსვლა, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ".


სოფელი დადუმებულია, დაბოღმილი, გულგასიებული. ხმის ამოღება, წინააღმდეგობა, მოძღვრის დაცვა ვერ გაუბედავს და საკუთარ ნერვებს აწყდება. ერთით ინუგეშებს მხოლოდ თავს - იმედია, ღმერთი დაიცავს თავად ღვთისმსახურთ და მწვალებელთაც თავადვე დასჯის... მაგრამ სოფელმა არ იცის - მღვდლებისთვის უკვე წამებულის ხვედრია განჩინებული, ხოლო მწვალებელთათვის - დროებით აღზევება. ისინი ხარობენ სწორედ და ყურადღებას არ აქცევენ სოფლის მოზიზღარ თვალს, შინაურების შიშიან შემოხედვას. მიაჩნიათ, რომ საქვეყნო ვალი აღასრულეს და არ იქნება, ამაგი არ დაუფასდეთ.


მეუფე ნაზარს ოქმზე რომ მოაწერინეს ხელი, რაიაღმასკომის თავმჯდომარე მანჯგალაძემ უთხრა:


- თქვენ გვიჩივლებთ, მაგრამ ჩვენ ეკლესიის მტრები ვართ, მთავრობა ჩვენია და არ გაგვამტყუნებსო.


მეუფე ნაზარს ჯერ ეშლება და ჰგონია, ჯუღელმა უთხრა ეს (ქუთაისში იხსენებს ამას), მერე აზუსტებს - არა, მანჯგალაძემო, ამბერკი ჯუღელმა კი, პირიქით, თანამიგრძნო: ეს გაუგებრობაა, თქვენ დამნაშავე არ ხართო.


სამწუხაროდ, გაუგებრობად ეს ამბავი სხვას აღარავის მიუჩნევია და დაპატიმრებული კრებული სათანადო მიწერილობითა და ამბერკი ჯუღელისავე შედგენილი ოქმითურთ ქუთაისს გადააგზავნეს.


ქუთაისამდე ბადრაგმა ჩააცილა, პოლიტბიუროს ჩააბარა დაკითხვის იმ ოქმითა და ოქმის რეზოლუციითურთ:


"დაპატიმრებულია მღვდელი 9 და მოწაფე 2. სულ 11. გაეგზავნოს ქუთაისის მაზრის პოლიტბიუროს უფროსს ოქმით.

სვირის რაიაღმასკომის თავმჯდომარე მანჯგალაძე".


ნაზარის ძმისშვილები დაკითხეს, არ დაუდანაშაულებიათ და ხელწერილით გაათავისუფლეს - პოლიტბიუროს ნებართვის გარეშე ქუთაისიდან არ გახვიდეთო, თუმცა მალე ეს შეზღუდვაც მოუხსნეს და უკვე 8 აგვისტოს ნიკოლოზი სოფელ დიდ ჯიხაიშს მიემგზავრება ბიძასთან - სამსონ ლეჟავასთან.


მიტროპოლიტი ექიმებმა გასინჯეს, სხეული დაუთვალიერეს და დასკვნაც დაწერეს:


"მარცხენა ბეჭზედ და მკლავზედ არის გრძელი სილურჯე, სიგრძით დაახლოებით 18 სმ, სიფართით ორიდან ოთხ სმ-მდე, ზურგშიც და სხვაგანაც აქვს სილურჯეები ტანზე, ერთგან ვერცხლის ორშაურიანის ზომის, ჩლუნგი საგნის დაკვრით ან ხელის მოჭირებით და ეკუთვნის მსუბუქ დაზიანებას.

ექიმები: ლოსაბერიძე, ვ. მაჭავარიანი"


ხუთ აგვისტოს ქუთაისის პოლიტბიუროში იბარებენ დასაკითხად ბარნაბას, სერაპიონს, ვლადიმერ მანჯგალაძეს და რამდენიმე გლეხს. აქ უნდა შედგეს ნამდვილი საქმე, წყალი რომ არ გაუვა, აქ უნდა მოიქსოვოს ახალი ბადე... დანომრილ ქაღალდებში პირველად მანჯგალაძის დაკითხვის ოქმი დევს:


"მანჯგალაძე ვლადიმერ სილიბისტროს ძე, 31 წლის გლეხი, ს.კ.პ წევრი 1917 წლიდან, მანდატის #490641, წერა-კითხვის მცოდნე, ცოლშვილიანი, პასუხისგებაში იყო 1918, 1919, 1920 წლებში მენშევიკების მთავრობის მიერ პოლიტიკურ ნიადაგზე, მცხ. ქუთ. მაზრის სოფ. ღანირში...


KARIBCHE- დაპატიმრებას არ დავსწრებივარ, მილიციელების მოყოლით ვიცი, რომ კრება ჰქონდათ მათინა ჩუბინიძის სახლში და ლანძღავდნენ თურმე მთავრობას, ფილიპე მახარაძეს და სხვებს...


მღვდლების დაპატიმრება რომ დააპირეს მილიციელებმა, ისინი ეცადნენ, ხალხი გაეგზავნათ ხალხის დასაძახებლად. ეს კაცი უნდა იყოს ჩუბინიძე (სახელი არ ვიცი), ჩემი აზრით, ნ. დემ. პარტიის წევრი, რომელიც ძლიერ საეჭვო პიროვნებაა (გაურკვეველია, ვისზე ლაპარაკობს: იმას იხსენებს, გრიგოლ ჩუბინიძემ რომ კალისტრატე ჩუბინიძე გაგზავნა სხვათა დასაძახებლად თუ იმას, თავის დროზე თავად გრიგოლს რომ დაუძახეს და წინააღმდეგობა გაუწია ბარნაბას. აუხსნელია ისიც, "ნ. დემ. პარტიის" წევრობას ვის აბრალებს მანჯგალაძე).


ნაზარი ყვიროდა თურმე - მე მაწამებენ, როგორც ქრისტე აწამესო, მაგრამ ხალხი არ გამოხმაურებია.


მერე სვირში მე მითხრა - შენ ღვთის ძალით წუხელ არ დაგეძინებოდაო. ქართველი ხალხი ყოველთვის დაუზოგავად იბრძოდა სარწმუნოებისთვის და ამ ჩემს წვალებასაც არ დატოვებს უყურადღებოდო...


მისი სვირში ჩამოსვლა ხელისუფლებას არ გაუგია. არც მას შეუტყობინებია, სოფლიდან გვაცნობეს...


გაკოჭვას რაც შეეხება, ნაზარმა თვითონ თხოვა, გამკოჭეთ, თორემ ურემზე არ გავჩერდებიო".


ბარნაბ მაღლაკელიძე: "სახლი ერთი, მიწა ორ ქცევამდე, ცოლშვილიანი, ერთი ბავშვი, განათლება - ორკლასიანი...


- მილიციელებმა მიხა ბურჯანაძემ და გიორგი უგრეხელიძემ მომაკითხეს სახლში, ჯუღელი გიბარებსო... ანტისაბჭოთა კრება ჰქონდათ მღვდლებს როდინოულში... მივედით და დავაპატიმრეთ...


"თქვენ ურიები ხართ, არ მომეკაროთ თქვენი ჭუჭყიანი ხელითო", - მიტროპოლიტი გვიყვიროდა.


ნაზარი რომ შევკარით და ურმით მოგვყავდა, გზაშიც იძახდა - მე ვარ მიტროპოლიტი ნაზარი, შეკრული ბაწრით, და ისე მოვყავართო... ეს ესმოდა მეურმეს, რომელიც ურემზე იჯდა...


დომენტი გიორგაძე ამბობდა, - წავყვეთ, არაფერი იქნება, მთავრობაა, ხომ არ შეგვჭამენო..."


სერაპიონ ხაჭაპურიძე: "ხაჭაპურიძე სერაპიონ დიმიტრის ძე, 28 წლის, ქართველი, სახლი 2, მიწა 2 ქცევამდის, უცოლო, კალატოზი. განათლება სოფლის კლასის, ჯარისკაცად გაიწვიეს მენშევიკების ჯარში, დაპატიმრებული იყო მენშევიკების მიერ, პარტიის წევრი, საცხ. ადგილი სოფ. ჩუნეში...


- მღვდლები ჯაჯანიძე და დოლაბერიძე გვიწევდნენ წინააღმდეგობას...


ჩუბინიძე გრიგოლ კონსტანტინეს ძე, 31 წლის, სახლი 2, მიწა 10 ქცევამდის, ბავშვი 1, მიწის მუშა, განათლება შინაური. უპარტიო გაუგებრობის გამო (ამ სტანდარტულ საანკეტო კითხვაზე უპარტიოებს სტანდარტული პასუხი აქვთ - გაუგებრობის გამოო და ალბათ შეუგნებლობას გულისხმობენ, - ასე იძვრენენ თავს).


- 2 მაისს დაგვიბრუნეს ეკლესია და მოვაწყვეთ ხელახლა. 3-4 თუმანი დაიხარჯა გარდა ხატებისა, მარტო ხატებს 170 მანეთი დასჭირდა... შემოწირული თანხა იყო, საბჭოს წევრები ვაგროვებდით: ვლადიმერ მაღლაკელიძე, მაქსიმე მაღლაკელიძე, ქრისტეფორე სამხარაძე, კოლა ვარდოსანიძე, აქვსენტი ვარდოსანიძე, ილია ბოჭოიძე და მე.


30 ივლისს ვლადიმერ მაღლაკელიძე გავაგზავნეთ მიტროპოლიტთან და სიტყვიერად დავაბარეთ ეკლესიის კურთხევაზე მოწვევა...


სტუმრები მე დავაბინავე მათინა ჩუბინიძისას, სამი ჩემთან წავიყვანე - იეროთეოზ ნიკოლაძე, ვლადიმერ კაპანაძე, მესამის სახელი არ ვიცი.


ჩემი და, დომნიკა, ეხმარებოდათ მათინასას სტუმრების გამასპინძლებაში... ის მოვიდა და მითხრა, მიტროპოლიტს იჭერენო... მე და ეს სამი მღვდელი მივედით, ნაზარი არ ჩანდა. ვკითხე ბარნაბას, რაშია საქმე-თქო და პასუხი არ გამცა, თქვა - დააპატიმრეთო...


28 თუმნამდის მქონდა აკრებილი..."


კოტე კობახიძე:


"ვარლამ ჩუბინიძემ გამაგებია, ასე და ასეა საქმე და გიბარებენო... ბნელი ღამე იყო... ურემი გამოაგორეს მღვდლებისათვის, მაგრამ იუარეს... მეუბნებოდნენ, სვირში ჩაიყვან ამ ხალხსო და მე ვუთხარი, კი ბატონო, ოღონდ თვლით ჩამაბარეთ-თქვა... წინდაწინ მიგვყავდა მღვდლები. საბჭოს დარაჯი შალიკო ცხადაძე იყო ჩვენთან ერთად... მივედით სვირში და მერე მოიყვანეს მიტროპოლიტი... მილიციელებმა ახლა ის მიბრძანეს - შენ ახსენი ურმიდან და ძირს ჩამოიყვანე ნაზარიო.


არა-თქვა, ვუთხარი, ვინც დამავალეთ, კი ჩამოვიყვანე და ეგ ვინც გაკოჭა, იმან გამოხსნას-თქვა... მერე მე დავიკავე ლამპა და ოცისთავებმა გამოხსნეს. ჩვენ რომ გვაძალებდენ, მიტროპოლიტმა უთხრა მილიციელებს: "მათ სვინდისი აწუხებთ და თქვენ უსვინდისო ყოფილხართო..."


გიორგი უგრეხელიძე: "23 წლის, ქართველი, სახლი 1, მიწა 5 ქცევა, უპარტიო. რატომ? - შეუგნებლობის და კიდევ - დროის უქონლობის გამო... სოფელ ყუმისთავიდან.


- მღვდლები რომ გაიყვანეს, მე დამტოვეს მათინა ჩუბინიძისას სადარაჯოდ... იქ ვიყავი ბარნაბასა და სერაპიონის მობრუნებამდე..."


დომენტი გიორგაძე: "საცხოვრებელი ადგილი სიმონეთი, უპარტიო. რატომ? - როგორც ბერს, არ მსურდა პარტიაში მუშაობა.


- დაგვაპატიმრეს და უნდოდათ, ასე ერთად წამოვეყვანეთ სვირში იმ ღამესვე... მღვდლებმა უთხრეს: ჩვენ არ ვიცით, ვინ ხართ, ვერ გენდობით, შეიძლება გვესროლოთ და მოგვკლათ, ამიტომ შეგვკარით და ისე წაგვიყვანეთო... გადაბმულები ჩაგვიყვანეს სვირში... ჩვენ რომ ჩავედით, მერე ჩამოიყვანეს ურემზე დაკრული მიტროპოლიტი... სვირში კიდევ 10-15 წუთს იყო იგი ურემზე დაკრული, უტანსაცმლოდ... როცა გამოხსნეს და ურმიდან ჩამოსვეს, ჩვენთან შემოიყვანეს... ასე ჩაუცმელი იჯდა დილამდე. რომ გათენდა, მე დავუძახე მილიციელს, მიტროპოლიტის სამოსი მომიტანეთ-მეთქი. მომიტანეს და ჩაიცვა..."


პოლიევქტო ვარდოსანიძე:


"- ჩვენ შიგნით ვვახშმობდით, საბჭოს წევრები და სხვები - გარეთ... მღვდლები გარეთ არ ყოფილან... მერე, ვახშამი რომ დავამთავრეთ, მე და დიაკონი, ადგილობრივი გიორგი საცერაძე წავედით... ამ დროს გარეთ უკვე იყო ბესარიონ კუხიანიძე, ღვინო ედგათ და შეექცეოდნენ... იონა ცხადაძესთან წავედი... გვიანი იყო, რომ გამომიყვანეს სახლიდან... ნაზარი მოჰყავდათ ურემზე დაკრული... მეც ავედი. მაშინ მითხრა მიტროპოლიტმა: მობრძანდი, მობრძანდი, მამაო პოლიევქტო, მხედავ, დაკრული ვარ ურემზეო... ეგ იყო, მეტი არაფერი უთქვამს..."


ვლადიმერ მაღლაკელიძე, 61 წლის:


"- სვირში დავხვდი მღვდლებს, მერე ლოცვაზეც ვიყავი... მეტი არაფერი ვიცი..."


კიდევ ბევრ ვინმეს დაკითხავენ სოფლის მცხოვრებთაგან, მაგრამ არავინ ამბობს, არავის წამოსცდენია, ან ნაზარი, ან რომელიმე მღვდელი მთავრობის საწინააღმდეგოს გვეუბნებოდა რამესო... არც რომელიმე მღვდელი აღიარებს ამას, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენელნი ირწმუნებიან: კრება გქონდათ გამართული, მთავრობის სააუგოს ქადაგებდითო... ერთადერთი ამბერკი ჯუღელი უბოდიშებს მეუფე ნაზარს, დანარჩენნი, უკლებლივ ყველა, პირიქით, კმაყოფილნიც კი არიან, მაგრამ ოქმებში ისეთი მაინც არაფერი ფიქსირდება, მღვდლების სიცოცხლეს საფრთხე რომ დაემუქროს, დახვრეტა მიუსაჯონ...


ქუთაისის გამსახლის საკნებში გამოკეტეს ყველა...


პატიმრობა ვის მოხდენია! მეუფე ნაზარი დიზენტერიით დაავადდა და 14 აგვისტოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, ოღონდ, ცხადია, მისი გათავისუფლება არც უფიქრიათ...


გამსახლში დარჩენილნი განცხადებას განცხადებაზე წერენ, დამნაშავენი არ ვართ, გაგვათავისუფლეთო, მაგრამ ვინ აქცევს ყურადღებას!


28 აგვისტომდე კი კუხიანიძე და სვანიძეც ავად შეიქმნენ. 28 აგვისტოს დილით ისინიც წერენ განცხადებას, ავად ვართ, არც ბრალი გვაქვს რამე და გაგვათავისუფლეთო. მაგრამ ეს ამბავი 1924 წლის 28 აგვისტოს დაემთხვა, ცნობილ მარიამობა დღეს... იმ დილით კი ჭიათურა აჯანყდა, მეორე დღეს - თითქმის მთელი საქართველო და, ცხადია, ხელისუფლება პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე აღარ იფიქრებდა, აღარც მის ავადმყოფობას მიაქცევდა ყურადღებას...


ეს თავიდანვე განწირული ჯანყი უმალ დამარცხდა. ხელისუფლება ტერორზე გადავიდა, გაუსამართლებლად დახვრეტაზე, სულერთია, ვინც მოჰყვებოდა ხელში - აჯანყების მოთავე, უბრალო მონაწილე, თანამგრძნობი თუ მხოლოდ ეჭვმიტანილი... საქართველოს ცაკ-ის #115 დადგენილება ოქტომბრის რევოლუციის მე-7 წლისთავთან დაკავშირებით ამნისტიის თაობაზე გვიან გამოვიდა, ტერორის, რეპრესიების მთავარ ტალღას უკვე გადაევლო, გასაცხრილი გაეცხრილათ, დასახვრეტი დაეხვრიტათ. მოთავეებსღა ეძებდნენ, თუ დაჭერილი არ ჰყავდათ; დაჭერილებს ჰკითხავდნენ... დახვრეტილებს კი, აბა, რაღა ეშველებოდათ...


მეუფე ნაზარის, ბესარიონ კუხიანიძის, სიმონ მჭედლიძის, სხვათა და სხვათა დაკითხვის მასალებში რაიმე "ავანტიურის" (როგორც შემდეგ უწოდებენ აგვისტოს აჯანყებას) მზადების თაობაზე არაფერია ნათქვამი... ასეც იქნებოდა...


შელიას განკარგულებით, 1 სექტემბერს წყდება ძიება. ბრალი ედებათ არალეგალური კრების ჩატარებასა და მთავრობის საწინააღმდეგო ქმედებაში და ცხრა დაპატიმრებულიდან ხუთისთვის დახვრეტის განაჩენი გამოაქვთ.


საქმეში დევს ქუთაისის პოლიტბიუროს საგანგებო სამეულის სხდომის ოქმის ამონაწერი, რომელშიც ის ხუთი კაცია ჩამოთვლილი:


ლეჟავა ნაზარი ანდროს ძე (56 წლის)


ჯაჯანიძე გერმანე ბესარიონის ძე (56 წლის)


ნიკოლაძე იეროთეოზ ანდროს ძე (59 წლის)


მჭედლიძე სიმონ მიხეილის ძე (60 წლის)


კუხიანიძე ბესარიონ სოფრომის ძე (53 წლის)


დანარჩენები ერთხანს კიდევ ჰყავდათ გამსახლში და შემდეგ გაათავისუფლეს. დომენტი გიორგაძემ 5 სექტემბერს თხოვნა დაწერა: მიწა არ მქონდა, ამიტომ ვიყავი ბერად ჯრუჭის მონასტერში, ახლა მსურს, გავიპარსო და საბჭოთა ხელისუფლებას ვემსახუროო... დაწერა თუ დააწერინეს, ახლა ძნელი გასარკვევია, ერთი კი ცხადია - სიხარულით ვერ იზამდა ამას, იძულებული გახდა ამ დახვრეტის შემყურე... დოლაბერიძე, ვარდოსანიძე, გიორგაძე და სვანიძე 17 სექტემბრის დადგენილებით გაათავისუფლეს.


დოლაბერიძის თაობაზე ერთგან შენიშვნაა: "მან თუმცა მოითხოვა ბორკილების გაკეთება, მაგრამ იმის შიშით, არ მომკლან გზაზეო, და თანაც მას ლაპარაკში მონაწილეობა არ მიუღია, ის მათე ჩუბინიძისას არ ყოფილა, მერე მოვიდა..."


ის გრიგოლ ჩუბინიძისას იყო იეროთეოზ ნიკოლაძესთან ერთად... იეროთეოზი კი დახვრიტეს, არადა, არც ის ყოფილა ბოლომდე მათინასთან, ერთად წამოვიდნენ იქიდან და თუ ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზეა ლაპარაკი, ვასილისთვის უფრო უნდა მოეკიდათ ხელი - ხაჭაპურიძე ხომ ამბობს, გერმანე ჯაჯანიძე და ვასილ დოლაბერიძე გვიწევდნენ წინააღმდეგობასო...


საკითხავია, მაშ, რატომ გამოარჩიეს გრიგოლ ჩუბინიძის სტუმართაგან იეროთეოზი... ძნელი ასახსნელია, შეგვიძლია ვივარაუდოთ კი - დახვრეტილ ხუთ სასულიერო მოღვაწესთან ადრინდელი ანგარიში უნდა ჰქონოდა გასასწორებელი ხელისუფლებას, საბაბიც მიეცათ და ხელიდან აღარ გაუშვეს... იქნებ არც დაეხვრიტათ, რომ არა 28 აგვისტოს მერე აგორებული სისხლიანი ტალღა...



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.06.2023
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0