სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
ახვლედიანი გიორგი სიმონის ძე 1817-1884? წწ. დეკანოზი მოღვ. თეკლათის მონასტერი ახვლედიანი გიორგი სიმონის ძე 1817-1884? წწ. დეკანოზი მოღვ. თეკლათის მონასტერი
ბმულის კოპირება



გვარი ახვლედიანი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

336       ბეჭდვა

ახვლედიანი გიორგი სიმონის ძე 1817-1884? წწ. დეკანოზი მოღვ. თეკლათის მონასტერი

ახვლედიანი გიორგი – (1817 – გ. წ. უცნობია). დეკანოზი, XIX ს. საქართველოს ეკლესიის ღვაწლმოსილი მღვდელმსახური.

დაიბადა სამეგრელოში, აზნაურ სიმონ ახვლედიანის ოჯახში. განათლება მიიღო ჯრუჭის მამათა მონასტერში. 1837 წ. 30 ივლისიდან მსახურობდა სოფ. გურძემის (სამეგრელო) მთავარანგელოზთა ტაძრის მედავითნედ. 1839 წლის 12 სექტემბერს იგი მღვდლად იკურთხა მიტროპოლიტ დავითის (წერეთელი) მიერ. ხელდასხმის შემდეგ იმავე ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინეს. 1848 წლის 8 თებერვალს, მისივე თხოვნით, იგი აფხაზეთის სოფელ ტამიშის სამრევლოში გადაიყვანეს.


1857 წლის 2 თებერვალს მამა გიორგი აფხაზეთის ეპარქიის სამღვდელოების სულიერ მოძღვრად აირჩიეს. ამ მოვალეობას იგი 1864 წლამდე ასრულებდა. 1862 წლის 20 თებერვალს იგი დაინიშნა აფხაზეთის ეპარქიის მთავარხუცესის („ბლაღოჩინის“) არქიმანდრიტ ალექსანდრეს (ოქროპირიძე) თანაშემწედ. იმავე წლის 30 მაისიდან კი – იმავე ეპარქიის მთავარხუცესად.

1869 წელს საკუთარი თხოვნის საფუძველზე. ახვლედიანი გადაიყვანეს სოფ. კვიტაულის სამრევლოში, 1871 წლის 16 ოქტომბერს კი – სოხუმის ოლქის სოფ. ჯგერდის სამრევლოში, სადაც პენსიაზე გასვლამდე ქრისტეს აღდგომის ტაძრის წინამძღვრად მსახურობდა. 1877 წელს დეკანოზის წოდება მიანიჭეს.

აფხაზეთში მსახურების დროს ახვლედიანი გამოირჩეოდა მისიონერული და საგანმანათლებლო მოლვაწეობით,. გააქრისტიანა და მონათლა მრავალი მაჰმადიანი აფხაზი, ასწავლიდა ქართულ ენას აფხაზ მოსახლეობას.

1883 წლისთვის ახვლედიანი უკვე ქვრივი იყო. დარჩა სამი შვილი: ქეთევანი (დ. 1861), რუსუდანი (დ. 1864) და პლატონი (დ. 1870). რუსუდანი ცხოვრობდა და სწავლობდა მღვიმევის დედათა მონასტერში, პლატონი – ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ქეთევანი კი მამასთან ერთად იმყოფებოდა.

ერთგული და სანიმუშო მსახურებისთვის ახვლედიანს მიღებული ჰქონდა სხვადასხვა საეკლესიო ჯილდო: 1851 წლის 15 სექტემბერს ენქერი ებოძა, 1860 წლის 15 სექტემბერს – სკუფია, 1862 წლის 3 აპრილს – კუნკულა. 1870 წელის 23 აპრილს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, 1874 წლის 30 მარტს წმ. სინოდის ლოცვა-კურთხევა მიიღო. ყირიმის ომში გამარჯვების აღსანიშნავად გადაეცა ბრინჯაოს ჯვარი წმ. ვლადიმერის ლენტით, 1884 წლის 7 აპრილს კი დაჯილდოვდა წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენით.

ახვლედიანმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები თეკლათის დედათა მონასტერში გაატარა. მისი პენსიაზე გასვლის თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ, სავარაუდოდ, 1884 წელი მოიაზრება, რადგან ამავე წლის 24 აგვისტოს სოფ. ჯგერდის ქრისტეს აღდგომის ტაძრის წინამძღვრად უკვე სხვა მღვდელმსახური (მაქსიმე ჩიქოვანი) დაინიშნა. ასევე უცნობია, თუ როდის დამკვიდრდა ახვლედიანი თეკლათის დედათა მონასტერში, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ XIX ს. 80-იანი წლების ბოლოს იგი თავის ასულებთან ერთად უკვე მონასტერში ცხოვრობდა. ამ ფაქტს ადასტურებს იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული თეკლათის დედათა მონასტრის ღვთისმშობლის შობის ახლად აშენებული ტაძრის კურთხევის ამსახველი მასალები – იგი 1889 წლის 1 ოქტომბერს აკურთხა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი).

ეპისკოპოსი გრიგოლი თანმხლებ პირებთან ერთად თეკლათის მონასტერს 30 სექტემბერს ეწვია და ახალ ტაძარში ღამისთევის მსახურება აღავლინა. მეორე დილით ტაძრის კურთხევა და საღმრთო ლიტურგია აღავლინა. ღვთისმსახურებას მრავალი ადამიანი დაესწრო, გალობდა მონასტრის დედებისა და მგალობელ ვაჟთა ორი გუნდი, მღვდელმთავარს თანამწირველობას უწევდა მრავალი სამღვდელო პირი.

სადღესასწაულო წირვის შემდეგ ეპისკოპოსმა გრიგოლმა ქადაგებით მიმართა მორწმუნე საზოგადოებას. ქადაგებაში მან დედებს მოუწოდა, ეზრუნათ ადგილობრივი მოზარდი გოგონების სულიერ აღზრდაზე, ესწავლებინათ მათთვის ლოცვები, საღმრთო სჯული და ასევე ხელსაქმე – კერვა, ქარგვა და სხვ.

გამართულ საზეიმო ტრაპეზზე წარმოითქვა რამდენიმე სადღეგრძელო, მათ შორის ორი ქართველი მღვდელმთავრის – გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლისა (დადიანი) და იმერეთის ეპისკოპოს წმ. გაბრიელისა (ქიქოძე). სადღეგრძელოები მიუძღვნეს ასევე სხვა გამოჩენილ პირებსაც. დეკანოზმა დავით ღამბაშიძემ წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა, რომელშიც სხვა ამბებთან ერთად აღნიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება თეკლათის მონასტრის ცხოვრებიდან, ბოლოს მან გაიხსენა ძველი დროის მაგალითები, როდესაც მონასტერში თავიანთ შვილებთან ერთად მიდიოდნენ და განსაკუთრებით აღნიშნა თეკლათის მონასტერში მცხოვრები „დიდად პატივცემული მოხუცებული დეკანოზი გიორგი ახვლედიანი თავისი ასულებით, რომელთაც ქვეყნიური ცხოვრება მიუტოვებიათ და მონასტერში ღვთის ლოცვა-ვედრებაში ატარებენ დროს“.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეპისკოპოს გრიგოლს (დადიანი) განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდა ახვლედიანთან. მეუფე გრიგოლის აფხაზეთში მღვდელმონაზვნად მსახურების პერიოდში (1857-1865) მისი სულიერი მოძღვარი იყო ახვლედიანი. ამ ცნობას ადასტურებს წარწერა მეუფე გრიგოლის ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც მან დეკანოზს უსახსოვრა: „ჩემს სულიერ მოძღვრად ყოფილს, მამა დეკანოზს, გიორგი ახვლედიანს ყ-დ სასიყვარულოდ უძღვნი ეპისკოპოსი გრიგოლი. 1881 წლის 6 ივნისი“.

თანამედროვეთა მოგონებების თანახმად, ახვლედიანი მუდამ ზრუნავდა თეკლათის მონასტერზე და ეხმარებოდა მას როგორც მატერიალურად, ასევე სიწმინდეების შემოწირვით. თეკლათის სავანეში მან დიდი ქვითკირის სახლი ააშენა, სადაც შემდგომში თავის ასულებთან ერთად ცხოვრობდა. ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ მონასტრის ტაძრის შეურაცხყოფისა და დახურვის შემდეგ დედათა კრებული გარკვეული ხნის განმავლობაში სწორედ ამ სახლში იკრიბებოდა წირვა-ლოცვის ჩასატარებლად. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან საბერძნეთში მოგზაურობის დროს 200 მანეთად (ოქროს), შეიძინა წმ. იოანე ნათლისმცემლის ცერის ნაწილი (ფალანგი) ძვირფასად შემკულ ლუსკუმასთან ერთად, რომელიც თეკლათის დედათა მონასტერს შესწირა.

ამ მოვლენის შემდეგ მონასტერში წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს (7 ივლისი). წირვის დასასრულს, დაწესდა წმ. იოანე ნათლისმცემლის ვრცელი პარაკლისის აღვლენა და წყლის კურთხევა წმინდანის თითით.

გადმოცემის თანახმად, ეკლესიის დევნის წლებში წმინდა ნაწილს თეკლათელი მონაზვნები, შემდეგ კი მონასტრის მოძვარი, არქიმანდრიტი კონსტანტინე (ქვარაია) საგულდაგულოდ ინახავდნენ. მისი ადგილსამყოფელი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ეს წმინდა ნაწილი დღესაც მონასტერში ინახება და სავანის მთავარ სიწმინდეს წარმოადგენს.

ახვლედიანმა ასევე შეიძინა და მონასტერს შესწირა ვერცხლის ორი ლუსკუმა წმინდა ნაწილებით. თითოეულ სანაწილეში რამდენიმე წმინდანის ნაწილი იყო ჩასვენებული. მათგან ერთი 1978 წლის ოქტომბერში, თეკლათის დედათა მონასტრის მოლოცვისას, მიართვეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს. ეს ლუსკუმა ინახება საპატრიარქო რეზიდენციაში, თბილისში. მეორე სანაწილე კი დედათა მონასტერში დარჩა. ხსენებული სიწმინდეების შეძენისა და ჩამობრძანების თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა. ცნობილია, რომ ახვლედიანმა 1893 წელს ათონის წმ. მთაზე იმოგზაურა. მან სიწმინდეები, სავარაუდოდ, ამ მოგზაურობის დროს შეისყიდა.

ახვლედიანის მიერ ათონის მოლოცვის შესახებ ცნობას გვაწვდის დიდი ქართველი მოსაგრის, ათონელი ბერის, ბესარიონის (ქიქოძე), ცხოვრების აღმწერელი, მღვდელმონაზონი ანტონ მთაწმინდელი.

ავტორი მოგვითხრობს, რომ მამა ბესარიონმა წმ. მთაზე 58 წელი იცხოვრა და სიცოცხლის ბოლო წუთამდე იესოს ლოცვის განუწყვეტელ ღვაწლს აღასრულებდა. 1893 წლის 7 ოქტომბერს, საღამოს, მან მოულოდნელად განაცხადა, რომ ჩამოვიდა მისი მოწაფის, ქრისტეფორეს ძმა, დეკანოზი გიორგი. შეკითხვაზე, თუ სად იყო იგი, ბერმა მიუგო: „ნუთუ არ იცით, რომ სხვებთან ერთად ათონზეა?“ გარშემო მყოფებმა ბერის სიტყვები ბოდვად მიიჩნიეს და ყურადღება არ მიაქციეს. „სინამდვილეში, – განაგრძობს ავტორი, – იმ დღეს მართლაც ჩამოვიდა საქართველოდან... დეკანოზი გიორგი ორ თანმხლებ ქართველთან ერთად. მეორე დღეს ისინი წმ. იოანე ღვთისმეტყველის ქართულ სავანეში მივიდნენ, მაგრამ არ გაჩერდნენ, სასწრაფოდ ითხოვეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სავანეში გაცილება, რადგანაც მამა გიორგის დაუყოვნებლივ სურდა ძმისა და მამა ბესარიონის მონახულება. ბერს მოახსენეს, რომ ჩამოვიდა მამა გიორგი და მას ღვიძლი ძმისგან – იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელისგან – წერილი მოართვა. მან ოდნავ გასაგონი ხმით თქვა: „მომაწოდეთ ჩემი წერილი!“ – აიღო, გაუხსნელად ემთხვია და კვლავ დაუბრუნა ისე, რომ არ უკითხავს წერილის შინაარსი“. ავტორის ცნობით, მამა ბესარიონს „შემდეგ აღარაფერი უთქვამს, დაუცხრომელად ლოცულობდა და ბაგეზე ლოცვით მშვიდად შეჰვედრა სული უფლის ხელთ“ 1893 წლის 9 ოქტომბერს 86 წლის ასაკში.

ახვლედიანი იყო იმერეთის ეპისკოპოსის. წმ. გაბრიელის (ქიქოძე) მამიდაშვილი, რასაც მოწმობს წმ. გაბრიელის ერთ-ერთი წერილი თავისი ძმისადმი, ათონელი ბერის ბესარიონისადმი.

ახვლედიანის ქალიშვილთაგან ერთ-ერთი, სქემმონაზონი ქეთევანი (გ. 1957) და ასევე მისი ძმისწული. სქემმონაზონი ელენე ახვლედიანი (გ. 1965). შემდგომში (1947 წლიდან) ერთმანეთის მიყოლებით გახდნენ თეკლათის დედათა მონასტრის იღუმენიები. თეკლათის სავანის ღვაწლმოსილი მოსაგრე იყო ასევე დეკანოზის უმცროსი ასული, სქემმონაზონი რიფსიმე (გ. 1958). დებმა ახვლედიანებმა ღვთისმებრძოლი ხელისუფლების მიერ ეკლესიის დევნის პერიოდში დიდი წვლილი შეიტანეს ქართ. მონაზვნობის გადარჩენის საქმეში. სამივე მოღვაწე დაკრძალულია თეკლათის მონასტერში ახვლედიანის გვერდით.

ახვლედიანის ძმებიც ცნობილი საეკლესიო მოღვაწენი იყვნენ. ერთ-ერთი ძმა, არქიმანდრიტი სერაპიონი, გელათის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო (1875-1904). იგი იყო წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) სულიერი მოძღვარი. მეორე ძმა – ქრისტეფორე – ახალგაზრდობიდანვე მონაზვნად აღიკვეცა და მრავალი წელი ათონის წმინდა მთის ქართულ სავანეში მოსაგრეობდა, სადაც მონაზონ ბესარიონის (ქიქოძე) სულიერი შვილი და მოწაფე იყო.

ახვლედიანის გარდაცვალების თარიღის დადგენა ვერ მოხერხდა. მისი საფლავის ძველ ქვაზე წარწერა არ იკითხება. იგი დაკრძალულია თეკლათის დედათა მონასტერში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ შესასვლელთან. საფლავის ქვა განახლდა 2014 წლის 25 ივნისს. ახალ ქვაზე ამოტვიფრულია მისი დაბადების წელი, რომელიც დღემდე უცნობი იყო. მოგვიანებით დადგინდა, ახვლედიანის გვერდით დაკრძალულია მისი ძმის, ივანე ახვლედიანის შვილი ალექსანდრე, რომელმაც 1895 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელი დღეები მონასტერში გაატარა და გარდაცვალების წინა დღეს ბერად აღიკვეცა.

მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)

ლიტერატურა

ალექსი ბერი (შუშანია), „წინამძღვარი დედა ათანასია და თეკლათის დედათა მონასტერი“, ლექსები, სენაკი, 2003;

ანტონი (მთაწმინდელი) მღვდელ-მონაზონი XIX საუკუნეში ათონის წმიდა მთაზე მოსაგრე კეთილმოღვაწე მამათა ცხოვრებანი, თბ., 2005;

კელენჯერიძე მ. მღვდ., გაბრიელ ეპისკოპოსი იმერეთისა, თბ., 2006;

ქურდობანიძე პ., მარადნეტარნი, (ხელნაწერი);

შიო (მუჯირი) მიტრ., თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიდან, სენაკი, 2014.


წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.12.2023
ბოლო რედაქტირება 07.12.2023
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0