დეკანოზი გალაკტიონ ფიფია
დაიბადა 1959 წლის 11 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფ. ჩხორიაში, მორწმუნე პედაგოგთა ოჯახში.
დეკანოზ გალაკტიონის ბაბუა – მიხეილ ფიფია მთელი ცხოვრება ღვთისა და ერის სამსახურში იყო. მამა – გიორგი
ფიფია გახლდათ დამსახურებული პედაგოგი, მათემატიკოსი, პროფესორი, ღირსების ორდენოსანი, მრავალი თაობის აღმზრდელი.
დედა – შუშანიკა ქუხილავა მასწავლებლად მუშაობდა სოფ. ჩხორიის საშუალო სკოლაში.
მამა გალაკტიონმა 1976 წელს დაამთავრა ჩხორიის საშუალო სკოლა.
1981 წელს – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.
მუშაობდა ჩხორიის საშუალო სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად, პარალელურად მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტსა და ზუგდიდის
დამოუკიდებელ უნივერსიტეტში. 1993 წლიდან დედაეკლესიის მრევლია.
2002 წლის 2 თებერვალს საქართველოს პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად. იმავე წლის
28 აგვისტოს აკურთხა მღვდლად.
2004-2017 წწ. ასწავლიდა საღმრთო სჯულს ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიაში და იყო გიმნაზიის სულიერი მოძღვარი.
2007 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
ამჟამად არის სოფლების _ ლიის, ტყაიის, მახარიის წმ. გიორგისა და მახარიის მენელსაცხებლე დედათა ტაძრების წინამძღვარი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ზუგდიდი, სოფ. ჩხორია.