ჭავჭავაძე არჩილ გულბაათის ძე (1841-10 ივლისი 1902), თავადი, გენერალ-მაიორი (1896), „წმ. გიორგის“ IV ხარისხის ორდენი (1879) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის);
დაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი.
სამხედრო სამსახური დაიწყო 1862 წელს პროპორშჩიკის ჩინით; ტვერის 43-ე დრაგუნთა პოლკისა და კავკასიის მე-12 სახაზო ათასეულის შემადგენლობაში 1862-1864წწ. მონაწილეობდა კავკასიის ომების (1817-1864) უკანასკნელ ოპერაციებში დასავლეთ კავკასიაში; 1876 წელს მიიღო მაიორის ჩინი; 1877 წელს ახლადჩამოყალიბებული დაღესტნის ცხენოსანთა ბრიგადის მე-3 პოლკის მეთაური იყო; მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878).
განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ავლარის მთასთან 1877 წლის წლის 3 ოქტომბერს გამართულ ბრძოლაში, ყარსის აღებაში 1877 წლის 6 ნოემბერს, არზრუმთან ბრძოლებში. 1879 წელს ჭავჭავაძე დანიშნეს დაღესტნის ცხენოსანთა 1-ლი პოლკის მეთაურად, იგი მონაწილეობდა იმიერკასპირეთში რუსეთის არმიის ახალთექის (1879 წლის აგვისტო) ექსპედიაში. 1883 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება; 1889-1896წწ. იყო სევერსკის პოლკის მეთაური; 1896-1902წწ. - კავალერიის ბრიგადის მეთაური; 1892 წლის11 ივნისს დაინიშნა კავკასიის კავალერიის დივიზიის მეთაურად. რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1896), კავალერიის გენერალ ზაქარია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა, თავად გულბაათ ჭავჭავაძის ვაჟი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.377