ბორის გამრეკელი (2 მაისი 1900-1977) დრამატურგი, მსახიობი, რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.
1922–1933წწ. იყო თბილისის, ბათუმის, სოხუმის, ფოთისა და ჭიათურის თეატრების მსახიობი და რეჟისორი; 1933–1938წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში რეჟისორად, 1939–1941წწ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში, 1944–1977წწ. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში. დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია" (1935), "ლადო კეცხოველი" (1937), "კაპიტნის ქალიშვილი" (1937)– თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში; ვ. სარდუს "მადამ სან–ჟენი" (1939), ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე" (1940), კ. ბუაჩიძის "მკაცრი ქალიშვილები" (1941) –კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში; უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ–ალან", ვ. ცაგარეიშვილის "მზის დაბნელება", გ. ცაბაძის "სიმღერა სიყვარულზე", "კურკას ქორწილი"–ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში და სხვ. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: არმანი (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ოსმან–აღა (დ. ჭონქაძის "სურამის ციხე"), არსენა (მ. ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი"), ერეკლე (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო").