ბესარიონი (გ. 15 ნოემბერი, 1773) — დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1742–1769 წლებში, ოდიშის სამთავროს კათოლიკოს-პატრიარქი 1769–1773 წლებში, შოშიტა III რაჭის ერისთავის ძე. მეფისადმი მტრულად განწყობილი სათავადო სახლის წევრი. თავდაპირველად იგი მეფის მიმართ ლოიალობას იჩენდა, შემდეგ ფარულად შეუკავშირდა თავის ძმას, - როსტომ რაჭის ერისთავს და დისწულს, — ოდიშის მთავარს კაცია დადიანს და მათთან ერთად გაილაშქრა სოლომონ I-ის პოლიტიკის წინააღმდეგ. 1768 წელს ბესარიონი ახალციხის ფაშას ეწვია და სოლომონის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. ფაშამ დააპატიმრა იგი, მაგრამ ბესარიონი პატიმრობიდან გამოიქცა. მეფესთან კონფლიქტის გამო მალე გადააყენეს. კაცია დადიანმა კი ოდიშის კათოლიკოსად დასვა და სამთავროში შემავალი საეპისკოპოსოები დაუქვემდებარა. დასავლეთ საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი იოსები არ ცნობდა ბესარიონის არალეგიტიმურ საეკლესიო უფლებებს ოდიშის ეკლესია-მონასტრებსა და საეკლესიო მამულებზე, რის გამო მათ მუდმივი დავა ჰქონდათ. ახალგაზრდობაში ბესარიონზე დიდი გავლენა მოუხდენია სულხან-საბა ორბელიანს. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსობის პერიოდში ბესარიონი დაუახლოვდა და მფარველობდა კაპუცინელ მისიონერებს. 1750 წლისთვის კი მას უკვე კათოლიკობა აქვს მიღებული, რაზეც დღემდე უხვი ისტორიული მასალა მოიპოვება კაპუცინელთა არქივში. მისიონერები ბესარიონის გაკათოლიკებას უშუალოდ სულხან-საბა ორბელიანს მიაწერენ.