სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10537

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1918წ. 7  ივნისი-14 ივლისი დუშეთის მაზრის აჯანყება  დუშეთი პაატა გიგაურისგან
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გვარი გიგაური სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

50       ბეჭდვა

1918წ. 7 ივნისი-14 ივლისი დუშეთის მაზრის აჯანყება დუშეთი პაატა გიგაურისგან

დუშეთის მაზრის შეიარაღებული აჯანყება 07.06-14.07.1918 წ.

პაატა გიგაური 1976 წელი სამხედრო ისტორიის მკვლევარი

საქართველოს მთავრობას, 1917 წლის ბოლოს და 1918 წლის პირველ ნახევარში შექმნილი უმძიმესი გეოპოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიური სიტუაციის (ომი თურქეთთან აჭრასა და მესხეთში, შეტაკებები ქვემო ქართლში, აფხაზეთ-სამეგრელოში, ზემო იმერეთში, სიღატაკე, ინფორმაციის გავრცელების სირთულეები, მილიციის მოშლა, გაბოლშევიკებული ჯარისკაცების მასიური დაბრუნება ფრონტიდან იარაღით და ა.შ.), ასევე სახელმწიფო აპარატის მოუწყობლობის გამო, უჭირდა ზოგიერთი რეგიონის კონტროლი და მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. ამ სირთულეებით სარგებლობდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მებრძოლი სხვადასხვა ჯურის დაჯგუფებები და მათ შორის ადგილობრივი კომუნისტები.
1918 წლის თებერვლიდან, – თბილისში სრული დამარცხების შემდეგ, კომუნისტურმა პარტიამ რაიონებში გაშალა ფართო ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა, განუწყვეტელი მიტინგებით და შეკრებებით ავრცელებდნენ შემდეგი სახის ტყუილებს: ცენტრალური ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს თავად-აზნაურებმა, რომლებიც ამოეფარნენ სოციალიზმს და სინამდვილეში აპირებენ ბატონყმობის შემოღებას, გლეხების ჩაგვრას, მათ განიარაღებას, მიწების არგაცემას და ა.შ. უყურადღებოდ მიტოვებულ მაზრებში ეს პროპაგანდა შედეგს იძლეოდა და ხალხს მთავრობის წინააღმდეგ განაწყობდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილი დააჯერეს, რომ სახალხო გვარდია თავადებმა შექმნეს გლეხების დასასჯელად, რაც გვარდიელების მიმართ ხალხის აგრესიას იწვევდა და კონფლიქტის საბაბი ხდებოდა. ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ინფორმაციის მიღების ლამის ერთადერთი წყარო გაზეთები იყო, რომელთა გავრცელება შეფერხებული იყო. დღეების მიხედვით აჯანყება ასე განვითარდა:

7-12 ივნისი

– 7 ივნისს ცენტრალული მთავრობის უმოქმედობის გამო, დუშეთის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა დუშეთის მილიციის უფროს გ. ჟორდანიას დაავალა პოლკოვნიკ აბესაძის გაბოლშევიკებული საეტაპო ბატალიონის (სამხედრო გზის დაცვის) და სამხედრო გზაზე მცხოვრები მოსახლეობის განიარაღება. ბატალიონის ადგილობრივი ჯარისკაცების უმეტესობა ფრონტიდან ახლადჩამოსული იყო და ბოლშევიკებს თანაუგრძნობდა.
მათ ნაცვლად გზის დაცვა დაევალა თბილისის გუბერნიის კომისარ კონსტანტინე ჯაფარიძეს, ხოლო ახალი რაზმის უშუალო მეთაურობა კაპიტან ფალიანს.
ბატალიონის ჯარისკაცების დიდი ნაწილი აღარ ასრულებდა ბრძანებებს და სხვადასხვა დანაშაულს სჩადიოდა (ძარცვავდნენ დევნილებს, ქურდობდნენ, ლოთობდნენ, ისროდნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან და შეურაცყოფდნენ ქალებს), მათი ნაწილი სულაც სახლში იმყოფებოდა და კომუნისტებთან ერთად აგიტირებდა მთავრობის წინააღმდეგ.
8 ივნისს დუშეთის სადგურში განაიარაღეს საეტაპო ბატალიონის 40 კაციანი რაზმი, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მცხეთის რაზმის განიარაღებას მოჰყვა ფალიანის დაპირისპირება აბესაძესთან, ჯარისკაცები დაიფანტნენ სოფლებში და ხალხი ააღელვეს, თითქოს თავადების რაზმი აპირებს გლეხებისთვის იარაღის და შემდეგ უკვე მიწების ჩამორთმევას. ბოლშევიკებს ხელსაყრელი დრო დაუდგათ, ნავთზე ცეცხლი დაასხეს, ხალხი დარაზმეს და გამოსვლები დაიწყო. აჯანყების პირველ ეტაპზე დაახლ. 2-3.000 შეიარაღებული ადამიანი გამოვიდა.

13-15 ივნისი

ჟორდანიას რაზმმა განაიარაღა სოფელი ბაზალეთი (ჩააბარეს 40 შაშხანა და ვაზნები) და მისაქციელი. სოფელ წილკანის დელეგატებმა სთხოვეს ჟორდანიას, რაზმი დაეტოვა (მეთაური: პორუჩიკი თენეიშვილი) და მცირე ჯგუფით შემოსულიყო სოფელში, სადაც მათ იარაღს გადასცემდნენ. ჟორდანია რამდენიმე თანმხლებთან ერთად გაემართა სოფელში, სადაც მათ ცეცხლი გაუხსნეს, მოკლეს მილიციელები: ე. ებრალიძე და ი. ნაგლიაშვილი. ხელში დაჭრილი ჟორდანია და მისი თანმხლები პირები დაატყვევეს და ორმოში ჩაყარეს.
პორუჩიკ თენეიშვილის რაზმმა აჯანყებულებს ცეცხლი გაუხსნა. ჟორდანიამ შესთავაზა სოფლელებს თეთრი დროშით მისვლა თავის რაზმთან და სროლის შეწყვეტა, რაზეც თანხმობა მიიღო, მაგრამ პოზიციებთან მისვლის დროს მას ესროლეს და მეორედ დაჭრეს. ჟორდანიამ მოახერხა რაზმთან შეერთება, რომელიც უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა და 60 ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა. ჟორდანიამ შეძლო 9 კაცთან ერთად გაქცევა და მცხეთისკენ წასვლა.
გათამამებული აჯანყებულები მიმდებარე სოფლებს მოედვნენ და საკუთარი წესრიგის დამყარება დაიწყეს მაზრაში.
აღსაღნიშნავია რომ 13 ივნისს ახალციხეში თურქების არმია შემოვიდა.

17 ივნისი

– დუშეთის მაზრის კომისარი დუმბაძე და მისი თანმხლები 3 პირი სოფელ ბაგის ჭალასთან შემთხვევით გადაეყარა ოც მეამბოხეს, რომლებმაც ეტლი დაცხრილეს და ორი მოხელე დაჭრეს, გაიტაცეს ფული და პირადი ნივთები.
– საღამოს 10 საათზე ფალიანის რაზმი (140 ჯარისკაცი, 2 ტყვიამფრქვევი და 1 ქვემეხი) გავიდა მცხეთიდან და გზად დაჭრილ ჟორდანიას შეხვდა, რომელმაც აუხსნა სიტუაცია. ფალიანმა, ადგილის უცოდინარობის გამო წილკანთან პოზიცია არასწორად შეარჩია და დრო დაკარგა.

18 ივნისი

– დილის 6 საათზე რაზმი გაიშალა და მიუახლოვდა სოფელ წილკანს, სადაც შეაგზავნა პარლამენტიორები. სოფელმა უარი განაცხადა იარაღის ჩაბარებაზე და ტყვეების გამოშვებაზე. უკან გამობრუნებულ რაზმს ცეცხლი გაუხსნეს.

19 ივნისი

ფალიანის რაზმი მოლაპარაკებას აწარმოებს წეროვნის და წილკნის დელეგატებთან, მაგრამ უშედეგოდ. როგორც შემდეგში აღმოჩნდა, სოფლელები რაზმის შეტყუებას და განადგურებას ცდილობდნენ.
– შეიქმნა მეამბოხეთა სამხედრო შტაბი (მ. პაპუნაშვილი, ვ. ცინცაძე, გ. ლაფანაშვილი, ს. დიაკვნიშვილი და ვ. ტოპრაკაშვილი). აჯანყებულები დაყვეს ოთხ რაზმად და დაავალეს: პირველს – დუშეთის აღება, მეორეს – მისაქციელის და ნატახტარის სექტორში შეტევა, მესამეს – მცხეთისკენ მიმავალი ღართისკარის გზის ჩაკეტვა და მეოთხეს – ცენტრალურ უბანზე შეტევა.
დღის 12 საათზე სამთავრობო დანაყოფების მეთაური პოლკოვნიკი ფურცელაძე უმტიმატუმს უგზავნის აჯანყებულებს და განიარაღებას, ტყვეების გამოშვებას და მეთაურების ჩაბარებას ითხოვს. პასუხად კომუნისტებმა მოსახლეობა ტყეში გახიზნეს და საბრძოლველად მოემზადნენ.
დილის 8 საათზე ფალიანის ასეულს შეუერთდა პოლკოვნიკ ფურცელაძის პირველი პოლკის ათასეული. 9 საათზე ფალიანის ასეული სოფელ ნატახტარს მიუახლოვდა და რამდენიმე ყუმბარა ესროლა წილკანს და მიმდებარე სოფლებს. აქტიურად ამუშავდა ავიაცია.
11 საათზე ფალიანის ასეული შეცვალეს პირველი პოლკის ასეულებმა. მოსახლეობას იარაღის ჩასაბარების ვადად 15:00 -სთ დაუნიშნეს.
აჯანყებულებმა ისარგებლეს დიდი რიცხობრივი უპირატესობით, 14:00-ზე სამი მხრიდან შემოერტყნენ ფურცელაძის ბატალიონს, უკუაგდეს არაგვისკენ და 8 საათიანი ბრძოლის შემდეგ გაანადგურეს. ფალინის ასეულმა გაარღვია რკალი და გურულების რაზმთან (მეთაური ერქომაიშვილი) ერთად სამშვიდობოზე გამოვიდა.
ბრძოლის ველიდან გაასწრო ფურცელაძის შტაბმა, არტილერიამ და რამდენიმე ათეულმა ჯარისკაცმა. გამოქცეულმა ნაწილებმა თავი მცხეთაში მოიყარეს. პოლკოვნიკ აბესაძის ჯარისკაცებმა გაძრცვეს მცხეთის იარაღის საწყობი და სცადეს ფალიანის ასეულის განიარაღება, რასაც კინაღამ შეტაკება მოჰყვა, სიტუაცია განმუხტა სახალხო გვარდიის მცხეთის უბნის უფროსმა მანჯგალაძემ. ფალიანმა გადადგომა მოითხოვა.
სამთავრობო ძალებში დაიღუპა 60-ზე მეტი და ტყვედ ჩავარდა 100-მდე ჯარისკაცი. ალაფის სახით აჯანყებულებს დარჩათ რამდენიმე ასეული შაშხანა, 7 ტყვიამფრქვევი, ვაზნების და სურსათის მარაგი. ტყვეები ახალგორში გადაიყვანეს.
– მეამბოხეებმა აბესაძის ბატალიონის ჯარისკაცების დახმარებით შეუტიეს დუშეთს ბაზალეთის მხრიდან. ქალაქში ადგილობრივი სახალხო გვარდიის 12 მებრძოლი იმყოფებოდა (მეთაური ნ. სამაშვილი), რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს აჯანყებულებს, მაგრამ მალევე მოუწიათ გაქცევა. დუშეთი კომუნისტების კონტროლექვეშ მოექცა, რასაც პატიმრების ციხიდან გამოშვება, იარაღის საწყობის გაძარცვა და სამთავრობო დაწესებულებების დარბევა მოჰყვა.
– საღამოს 11:00-ზე დუშეთის ახლად დანიშნული კომისარი ვანო პავლიაშვილი ბანდასთან ერთად თავს დაესხა დუშეთის მზარის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე რიკაძის დის სახლს, საიდანაც გაიყვანეს ალექსანდრე და დახვრიტეს მეორე დღეს სოფელ ოსების მახლობლად.
ბოლშევიკებმა დუშეთის გზაზე დაიჭირეს, გაძარცვეს და მხეცურად მოკლეს კომიტეტის წევრები პეტრე ავლოხაშვილი და იაკობ ნაგლიაშვილი.
– დაღამებისას მეომბოხეებმა დაიკავეს ქ. მცხეთის შესასვლელი და ბებრის ციხე.
– ადგილობრივმა კომუნისტებმა შ. გელოვანის და ბ. არაბულის მეთაურობით დაიკავეს თიანეთი, დააპატიმრეს სოციალ-დემოკრატიული პარტიის აქტივისტები და სოფელ თოლენჯში დახვრიტეს 6 გლეხი.

20 ივნისი

– მეამბოხეებმა დაიკავეს სადგური ქსანი და დაიწყეს მატარებლების ჩხრეკა. ოფიცრებს აჭრიდნენ სამხრეებს, აპატიმრებდნენ თავადური გვარის მქონე ადამიანებს და რამდენიმე მოქალაქე მოკლეს კიდეც.

21 ივნისი

გ. ლაფანაშვილი ჩამოვიდა თბილისში და ადგილობრივ კომუნისტებს დახმარება სთხოვა გამოცდილი სამხედროებით, ასეთები ადგილზე არ აღმოჩდნენ, შეემატათ რამდენიმე მოხალისე და თან ურმებით იარაღი და მედიკამენტები წამოიღეს.
წილკანში სატვირთო მანქანით ჩამოვიდა კობელი ოსების რაზმი, რომლებმაც ტყვიამფრქვევები და ვაზნები სთხოვეს აჯანყებულებს სტეფანწმინდაში გამაგრებული სამთავრობო რაზმის წინააღმდეგ გამოსაყენებლად. თხოვნა დაკმაყოფილდა, ოსებს 2 ტყვიამფრქვევი და დიდი ოდენობით ვაზნები მისცეს.
დარიალის სასაზღვრო სიმაგრეში მყოფი სანაპირო ჯარის რაზმის და მთავრობის მომხრე სოფლების წინააღმდეგ აჯანყებულებმა მსხვილი რაზმი გააგზავნეს პაპუნაშვილის და ცინცაძის მეთაურობით. თუმცა საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე არ მივიდა, დაიწყო ხანგრძლივი მოლაპარაკებები და მიტინგები, სადაც ორივე მხარე ცდილობდა მოსახლეობის მიმხრობას.

24 ივნისი

– წილკანში მოეწყო საველე სამედიცინო პუნქტი რომელსაც თბილისიდან ჩამოსული ვართანიანი ჩაუდგა სათავეში, ხოლო ხაჩატურიანი, როგორც სამხედრო გამოცდილების მქონე, მცხეთის საველე შტაბის უფროსად დაინიშნა.
– დუშეთში ბაზრის მახლობლად იცნეს და დაიჭირეს კომისარი ლადო ფარესაშვილი, მიიყვანეს ქალაქის გამგეობის შენობის წინ და საჯაროდ მოკლეს (მკვლელები: ილიკო დიდებაშვილი და ვანო გირგიშვილი).

25 ივნისი

– დუშეთში დაარსდა „დუშეთის გლეხთა დეპუტატების საბჭო“, რომელმაც ძალაუფლება აიღო საკუთარ ხელში. აღმასკომის თავმჯდომარედ თედო შუშიაშვილი აირჩიეს. სამხედრო შტაბის შემადგენლობა შემდეგი იყო: თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, თედო შუშიაშვილი, ვიქტორ ცინცაძე და გიორგი ლაფანაშვილი.
– სოფელ სნოში შეიკრიბნენ ორივე მხრის მიერ დნობით აღჭურვილი პირები. თათბირის შემდეგ, სამთავრობო რაზმმა დარიალის პუნქტი დატოვა (პირადი იარაღის შენარჩუნებით) და სიმაგრე აჯანყებულებს გადაეცა. დუშეთის მაზრა პირდაპირ დაუკავშირდა თერგის საბჭოთა რესპუბლიკას.

26 ივნისი

– მთავრობის თავმჯდომარედ ინიშნება ნოე ჟორდანია.
– დუშეთში ქელეხის სუფრიდან აიყვანეს და ეკლესიასთან მოკლეს ქალაქის მმართველობის მდივანი ლადო ჩრდილელი (მკვლელი: იოსებ ლალიაშვილი).
– თიანეთი დაიკავა სახალხო გვარდიის დანაყოფმა, კომუნისტების აქტივი დაატყვევეს და თბილისში გადმოიყვანეს.

28 ივნისი

– მცხეთის სადგურში შემოვიდა სახალხი გვარდიის ორი ჯავშანმატარებელი, ქვეითი ნაწილები და არტილერია ვ. ჯუღელის მეთაურობით. 17:00 -ზე ბებერის ციხესთან გამაგრებულ მეამბოხეებს 14 ქვემეხიდან გაუხსნეს ცეცხლი, 19:00 -ზე მოწინააღმდეგე გაიქცა მცხეთის შემოგარენიდან. ტყვედ ჩავარდა მეამბოხეების საველე შტაბის უფროსი ხაჩატურიანი.

29 ივნისი

– სამხედრო სამინისტრომ შექმნა სამი კოლონა:
„შემოვლითი“, ვ ჯუღელის მეთაურობით რომლის ამოცანა ამბოხებულების ზურგში გასვლა და ბაზალეთის გავლით დუშეთის დაკავება იყო. საერთო მიმართულება: მცხეთა-ქსანი-მუხრანი-მჭადიჯვარი. კოლონამ უბრძოლველად დაიკავა სადგური ქასანი, სოფელი მუხრანი და მოსახლეობისგან ამოიღო 500 შაშხანა.
„ცენტრალური“, ა. კონიაშვილის მეთაურობით, რომლის ამოცანა ფრონტის ცენტრში განლაგებული მოწინააღმდეგის შებოჭვა იყო, საერთო მიმართულება წილკანი-ნატახტარი-მისაქციელი.
„მარჯვენა“, ს. გედევანიშვილის მეთაურობით, რომელიც არაგვის მარცხენა სანაპიროს მიუყვებოდა საერთო მიმართულება: საგურამო-ჭოპორტი. ამ კოლონაში მესხეთის ფრონტიდან ახლად დაბრუნებული ფედერალისტთა პარტიის დანაყოფები შედიოდნენ.

მეამბოხეები გადაჯგუფდნენ და მდინარე არაგვის მიმდებარე ტყეებში გამაგრდნენ: მისაქციელი-ნაოზა-ჭოპორტის სიმაღლეებზე. სამთავრობო ძალებს დაბლობი ეკავათ.

– ამ მოვლენების პარალელურად გრძელდება შეტაკებები კომუნისტებთან აფხაზეთში, ხოლო თურქებმა გადმოსხეს მსხვილი დესანტი ოჩამჩირის რაიონში, სახალხო გვარდიამ ალყაში მოაქცია თურქები და განაიარაღა. მიმდინარეობს შეტაკებები ბოლშევიკებთან ლეჩხუმ-საჩხერეს მიმართულებაზე. ეს გამოსვლა შედარებით სწრაფად ჩაახშეს არმიის XII ბატალიონის და სახალხო გვარდიის დანაყოფების ძალებით. ივლისის თვეში ქართულ-გერმანული საექსპედიციო ძალები უკუაგდებენ ისლამისტებს ქვემო ქართლიდან და ჩადიან ლორეს რაიონში.

1-2 ივლისი

– „შემოვლითი“ კოლონა დაიძრა დუშეთისკენ. სოფელი მუხრანი მთავრობის მხარეს გადმოვიდა და გზა გაუხსნა სახალხო გვარდიას მჭადიჯვრისკენ. გვარდიელები მიტინგებს ატარებდნენ სოფლებში და უხსნიდნენ ხალხს შექმნილ ვითარებას.
– „ცენტრი“. თინათის მაზრიდან ჩამოვიდა რაზმი და შეუერთდა აჯანყებულებს. სოფელ მისაქციელთან მოხდა შეტაკება მეწინავე დანაყოფებს შორის. განხორციელებული შემოვლითი მანევრის შედეგად მისაქციელი-ჭოპორტის ვიწროებში გამაგრებულ მეამბოხეებს ალყაში მოქცევის საფრთხე დაემუქრათ. გედევანიშვილ-ფურცელაძის კოლონამ სოფელი ჭოპორტი დაიკავა.

3 ივლისი

– „შემოვლითი“. ჯუღელის რაზმი დაიძრა კონიაშვილის კოლონასთან შესახვედრად.
– „ცენტრი“. მეამბოხეებმა შეუტეს კონიაშვილის კოლონას და სოფელ ნატახტრამდე დაახევინეს, თუმცა მალევე უკუიქცნენ.
– „მარჯვენა“ კოლონა ნელი ტემპით დაიძრა ჟინვალისკენ.
მეამბოხეები ელოდნენ დახმარებას რუსეთიდან და თბილისიდან, მაგრამ დამხმარე ძალები არ ჩანდა, რაც მათ მოტივაციაზე მოქმედებდა და სახალხო გვარდიის წარმატებული მანევრის და საინფორმაციო მიტინგების შემდეგ ბევრი მეამბოხე სახლში დაბრუნდა.

4 ივლისი

– ჯუღელის და კონიაშვილის რაზმები შეერთდნენ.
– რუსეთიდან ჩამოვიდა 120 კაციანი რაზმი აჯანყებულების დასახმარებლად. კომუნისტებმა სტეფანწმინდადან ჩამოიტანეს ორი ქვემეხი, დააყენეს დუშეთთან ახლოს საკრამულოს მთაზე და ცეცხლი გაუხსნეს ჯუღელის რაზმს.

5 ივლისი

– დუშეთის მიმართულებაზე სამთავრობო ჯარებმა გადაჯგუფება დაიწყეს, რომლის მიზანი ქალაქის აღება იყო.

6 ივლისი

– გედევანიშვილის კოლონამ მძაფრი შეტაკების შემდეგ აიღო ჟინვალი და ჩაკეტა გზა. ამის შემდეგ დაიწყო საერთო შეტევა დუშეთზე. დილით ბაზალეთიდან დაიძრა ჯუღელის რაზმი 500 ჯარისკაცით, არტილერიით (მეთაური ყანჩელი) და შუადღისას არღუნში შევიდა. კონიაშვილის რაზმები სამხედრო გზით გადავიდნენ შეტევაზე (მეთაურები: ლომთათიძე, თუთბერიძე), მეომბოხეები შედრკნენ, დუშეთი დატოვეს და ალყის საშიშროების გამო ფასანაურისკენ გაიქცნენ, ვლადიკავკაზიდან გადმოსული დამხმარე ძალის იმედად. ოპერაციის დროს დაიღუპა 4 და დაიჭრა 12 ოფიცერი და ჯარისკაცი, ორი ცხენოსანი მზვერავი ტყვედ ჩავარდა.
– სოფელ ჭართალთან პორუჩიკ ქუთელიას ცხენოსანი რაზმი დაეწია მეამბოხეების რაზმს, დაატყვევა და ორივე ქვემეხი და ორი ტყვიამფრქვევი წაართვა.

7 ივლისი

– სამივე კოლონა ანანურთან შეერთდა და შეისვენა. ანანურთან მსუბუქად დაჭრეს ორი ჯარისკაცი. ტყვედ დანებდა 100 მეამბოხე, რომელთაგან უმეტესობა სახლში გაუშვეს.

8 ივლისი

– დილის 9 საათზე დაიწყო ფასანაურის აღების ოპერაცია, ბრძოლამ საღამოს 9 საათამდე გასტანა და მეამბოხეების სრული დამარცხებით დასრულდა. ბრძოლაში დაიღუპა 60 ბოლშევიკი. ტყვედ ჩავარდა 200-ზე მეტი. ვლადიკავკზაიდან გადმოსულ დამხმარე რაზმს ს. გაგლოევი მეთაურობდა. ადგილზე დავხრიტეს რამდენიმე კომუნისტი.

9 ივლისი

– სამთავრობო ძალები ორ კოლონად გაიყო. კონიაშვილ-გედევანიშვილი სამხედრო გზის გასწვრივ დაედევნა მეამბოხეებს. ჯუღელ-ფურცელაძის მეორე კოლონა გუდამაყრის ხეობით, შემოვლით მანევრზე წავიდა, რათა მოწინააღმდეგის ზურგში გასულიყო და ალყაში მოექციათ ბოლშევიკები.
– მეამბოხეები მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გამაგრდნენ და ორი ქვემეხი დაიმატეს.

11 ივლისი

განთავისუფლებულია მლეთა. ჯუღელის რაზმი შემოვლითი გზით ცდილობს მოწინააღმდეგის ალყაში მოქცევას. სტეფანწმინდიდან ჩამოდის 12 მოხევე ცხენოსანი, რომელიც სამოქმედო გეგმას უთანხმებს ჯუღელს.

12 ივლისი

– დაკავებულია უღელტეხილი და სოფელი სნო. შეიარაღებული მოსახლეობა უერთდება მოიერიშე სამთავრობო ნაწილებს.
– ჯარის შეტევის შემდეგ აჯანყებულთა გუდაურის პოზიციები გაირღვა და მეამბოხეები სტეფანწმინდისკენ გაიქცნენ.
– კომუნისტების დასახმარებლად რუსეთიდან ჩამოვიდა ს. გეგეჭკორის 350 კაციანი რაზმი (უმეტესობა სამეგრელოს აჯანყებაში მონაწილეობდა).

13 ივლისი

– გედევანიშვილის რაზმმა (როტმისტრ ჩახავას ესკადრონი პირველი შეიჭრა სოფელში) გაანთავისუფლა კობი. ოსები მიმდებარე მთებიდან ესროდნენ ჯარს, მაგრამ მალევე დელეგაცია გამოგზავნეს შესარიგებლად და დანებდნენ.

13 ივლისი

– კომუნისტების რაზმი განადგურდა გველეთის ხიდსა და სოფელ ცდოს მიდამოებში, მოხევეებმა რამდენიმე წარმატებული ჩასაფრება მოუწყვეს კომუნისტებს, გზა მოფენილი იყო მათი გვამებით. ტყვედ ჩავარდა რამდენიმე ათეული მეამბოხე. დაიღუპა კომუნისტების სამხედრო მეთაური კ. ჭავჭანიძე, რამაც სრული ქაოსი გამოიწვია. ალაფის სახით სამთავრობო ნაწილებს დარჩათ: 2 ქვემეხი, 4 ნაღმმტყორცნი, ტყვიისმფრქვეველები და სხვა ქონება.

14 ივლისი

– დილიდან დაიწყო დარიალის სიმაგრის შტურმი. საღამოს 6 საათისთვის კომუნისტები გაიქცნენ ლარსისკენ. ბრძოლაში დაიღუპა 25 მეამბოხე და 1 სახალხო გვარდიელი.
საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით ადგილზე დახვრიტეს ბანდიტების მეთაურები: მიშა გეგეჭკორი, მიხა პაპუნაშვილი, თომა ჩუბინიძე და სამი მეამბოხე. ტყვედ აიყვანეს 175 კაცი. აჯანყება დასრულდა.

20-21 ივლისი

საერთო სახალხო კრებაზე შერიგდნენ ორ სხვადასხვა ბანაკში მებრძოლი მთიულები.

27 ივლისი

სამთავრობო ნაწილები ტოვებენ სტეფანწმინდას.

1-7 აგვისტო

სახალხო გვარდიამ განაიარაღა ახალგორის და ქსნის ხეობის მოსახელობა.

: საინტერესო ფაქტები :

1919 წლის 17 ოქტომბერს კომუნისტებმა ისევ სცადეს გლეხების აჯანყება დუშეთის მაზრაში, თუმცა სამთავრობო ძალებმა დანაკარგების გარეშე ჩანასახშივე ჩაახშეს გამოსვლა და საველე სამხედრო სასამართლომ 9 კომუნისტი დახვრიტა, ხოლო 50-მდე პირს სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

1918 წლის 28 ნოემბერს დააპატიმრეს ავქსენტი აბესაძე. ასევე დააპატიმრეს ფალიანი, რომელსაც სამხედრო წოდების მითვისება და ოპერაციის ცუდად ჩატარება დაბრალდა.

1918 წლის 9 დეკემბერს N1 საგუბერნიო ციხეში მყოფმა ტყვედ ჩავარდნილმა ყოფილმა მეამბოხეებმა (სულ 155 კაცი), აუტანელი პირობების გამო შიმშილობა გამოაცხადეს. ამ მომენტისთვის გარდაიცვალა 8 და ციხის ლაზარეთში იწვა 41 მეამბოხე.

1919 წელს თერგის საბჭოთა რესპუბლიკა განადგურდა და 2.000 წითელარმიელი გადმოვიდა საქართველოში, რომლებიც განაიარაღეს და ე.წ. „რესპუბლიკის მეთაურები“ საგუბერნიო ციხე N2 (მეტეხის ციხე) ჩასვეს, მათ შორის სერგო ქავთარაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი და სხვები. დაპატიმრებული იყო ფილიპე მახარაძეც, რომელიც 1920 წლის 18 თებერვალს გაიქცა ციხიდან.

1922 წლიდან დუშეთის მაზრაში კომუნისტების მიერ აღინიშნებოდა აჯანყების წლისთავები.

დუშეთის აღმასკომის თავმჯდომარე თედო თუშიაშვილი დაიღუპა თეთრგვარდიელებთან ბრძოლაში ვლადიკავკაზის მახლობლად, 1918 წლის აგვისტოს, 33 წლის ასაკში. 1924 წელს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა წითელი დროშის ორდენი.

წყარო იხილე მეტი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 09.10.2020
ბოლო რედაქტირება 01.04.2022
სულ რედაქტირებულია 2





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0