ლომიძე ირაკლი (იტა) გურამის ძე - დაიბადა 1967 წლის 4 აპრილი თბილისი. გარდაიცვალა 1992 წლის 17 ივნისს ცხინვალის რეგიონი სოფელი ფრისი. დაკრძალულია დიღმის სამოქალაქო სასაფლაოზე. შავნაბადას ბატალიონი. მედალი - ვახტანგ გორგასლის III - ხარისხის ორდენი.
მხოლოდ 25 გაზაფხულს მოესწრო ირაკლი გურამის ძე ლომიძე,უყვარდა მეგობრები,გაზაფხული,ყვავილები.
ირაკლის რომ მეგობრები უყვარდა ამას იგონებს თვალცრემლიანი მამამისი – ბატონი გურამი: იტამ სკოლა რომ დაამთავრა და გამოსაშვებ საღამოზე უნდა წასულიყო, როგორც ყველა მშობელი ცდილობს გაახაროს შვილი და უყიდოს ახალი სამოსელი ამ დღისთვის, მეც ახალი პიჯაკი და შარვალი ვუყიდე, მოვიდა გამოშვების საღამოს გადახდის დღე და ვხედავ, იტა სახლში დაღონებული ზის, წასასვლელად არ ემზადება, გამიკვირდა და ვეკითხები: შვილო,რატომ არ ემზადები? – არ მინდა, არ წავალო, ვხედავ თვალებში ცრემლი უდგას,ძალიან გამიკვირდა, არ მოვეშვი: გამაგებინე, რატომ არ მიდიხარ, არ გიხარია?რომ აღარ მოვეშვი, მიპასუხა; მამი, ჩემს მეგობარს ახალი ჩასაცმელები არა აქვს,და მეც ამიტომ აღარ მივდივარო. თუ შენ არ გეწყინება, მე ჩემს ახალ პიჯაკს და შარვალს ვათხოვებ. მე თან გამიკვირდა, თან გამიხარდა მისი ასეთი საქციელი და თანხმობა მივეცი, როგორც გინდა, ისე მოიქეცი-მეთქი. სასწრაფოდ დაურეკა თავის მეგობარს. ისიც მოვიდა. იტამ ძველი სამოსი ჩაიცვა. მეგობარს ახლები დაუთმო და მე ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება მათი ბედნიერი თვალები,
გაღიმებული სახეები და კიბეებზე ჩარბენა მათი, ერთმანეთს რომ ასწრებდნენ გახარებულები,
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო. სამწუხაროდ, ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო, რადგან მისმა გულმა ვერ აიტანა საქართველოს ტერიტორიის ხელყოფა და მოხალისედ შევიდა შავნაბადას სპეცბატალიონში 1992 წლის 6 იანვარს და. სამაჩაბლოში იბრძოდა. ოფიცრის წოდება ჰქონდა, ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცურად ებრძოდა მტერს. 1992 წლის 17 ივნისს სამაჩაბლოში სოფელ ფრიზთან ოსების გარემოცვაში მოჰყვნენ ის და მისი მეგობარი, იტა მეგობარს გადაეფარა, სამშვიდობოს გამოიყვანა, თვითონ კი მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. დღეს შვილის ნაცვლად, ბატონმა გურამმა ჩაიცვა სამხედრო ფორმა, მიუხედავად თავისი ასაკისა და მუშაობს შავნაბადას სპეცბატალიონში.
დასაფლავებულია დიღმის სასაფლაოზე.
ირაკლი ლომიძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.