II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"
ზურაბ მურმანის ძე თოდუა დაიბადა 1965 წლის 8 დეკემბერს ზუგდიდში. 1985 წელს დაამთავრა სოხუმის მე-3 საშუალო სკოლა . გერმანიაში მოიხადა სამხედრო-სავალდებულო სამსახური.
ზურაბ თოდუა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქიმიური დაცვის ბატალიონის ქიმიური და რადიაციული დაზვერვის ოცეულის უფროს ქიმიკოსად.
1993 წლის 27 სექტემბერს ზურაბ თოდუა და მისი მამა მურმან აქვსენტის ძე თოდუა , ერთად იცავდნენ სოხუმს. აი, როგორ იხსენებს დედა - როზა გაბედავა 1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის : „ ჩემი მეუღლე დილით გავიდა სახლიდან,თურმე შვიდ უიარაღო და უდანაშაულო ადამიანთან ერთად მოჰყვა ძალიან დაძაბულ და გამოუვალ სიტუაციაში - შეეჩეხნენ ჩეჩნებს და გუდაუთელ აფხაზებს. მამის საძებრად ჩემი ერთადერთი საფიცარი შვილი - ზურაბი წავიდა... ყველანი დაუნდობლად დახვრიტეს...
ეს შემზარავი ამბავი როცა გავიგე ტკივილისაგან სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. ეს ის ტკივილია ,რომელიც არასოდეს მოშუშდება. გამონათქვამი „დრო ყველაფრის მკურნალია“ შვილ-მკვდარ დედაზე არ ვრცელდება- უბრალოდ ადამიანი სწავლობს დიდ ტკივილთან ერთად ცხოვრებას.
სომხების და რუსების დახმარებით დაღუპულები ჩემი ხელით დავმარხე,რაც კი სჭირდებოდათ მიცვალებულებს ყველაფერი სახლიდან გამოვიტანე. იმ დღიდან ჩემი მიზანი იყო მეუღლე და შვილი გადმომესვენებინა სოხუმიდან ზუგდიდში,ჭითაწყარის სასაფლაოზე. 1995 წლის 5 იანვარს მთავრობის დახმარებით შევძელი მათი ცხედრების გადმოსვენება“.
მურმან აქვსენტის ძე თოდუა დაიბადა 1945 წლის 5 თებერვალს ზუგდიდში.დაამთავრა ზუგდიდის საშუალო სკოლა .
1975 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ქალაქ სოხუმში.
მუშაობდა სოხუმის ავტოპარკში მძღოლად.
მურმან თოდუა ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქიმიური დაცვის ბატალიონში.
მურმან თოდუა 1993 წლის 27 სექტემბერს, შვილთან ზურაბ თოდუასთან ერთად დაიღუპა.