მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ალექსი ივანეს ძე თოდუა დაიბადა 1966 წლის 23 მაისს რუსეთში,ქალაქ ჩელიაბინსკში. 1970 წელს თოდუების ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. 1972 წლის სექტემბერში სწავლა დაიწყო გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდის რუსულ საშუალო სკოლაში, ხოლო შემდგომ გადავიდა სოფელ აგუძერის საშუალო სკოლაში. 1982 წელს ჩააბარა ქალაქ კიროვოგრადის საავიაციო სასწავლებელში, რომლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო სოხუმის აეროპორტში საჰაერო მეთვალყურედ. ხოლო 1991 წელს ჩაირიცხა სანკტ-პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის) საავიავიო აკადემიაში.
მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო. საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ალექსი თოდუა თავის ძმასთან და მეგობრებთან ერთად ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონში. ალექსი თოდუა 1993 წლის 7 იანვარს, მდინარე გუმისთაზე , სოფელ ქვემო ეშერასთან პოზიციური ბრძოლების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა.
ალექსი თოდუას დარჩა მეუღლე და ქალიშვილი.